ეროვნულ ბიბლიოთეკაში ალექსანდრე ქართველის კაბინეტი გაიხსნება
1-ელ მარტს 14:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვახტანგ მეექვსის კორპუსში (ს. ცინცაძის 63), ალექსანდრე ქართველის (ქართველიშვილის) სახელობის კაბინეტი გაიხსნება. ღონისძიებას აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, პარლამენტის წევრები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.
კაბინეტი ორგანიზაცია ალექსანდრე ქართველის (ქართველიშვილის) საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით იხსნება.
ალექსანდრე ქართველიშვილი დაიბადა თბილისში. 1914 წელს დაამთავრა თბილისის ქართული სათავადაზნაურო გიმნაზია. 1922 წელს დაამთავრა პარიზის ავიაციის უმაღლესი სკოლა. 1927 წლიდან მოღვაწეობდა აშშ-ში, ნიუ-იორკში. მისი მონაწილეობით შეიქმნა თვითმფრინავი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს, აშშ-ის საჰაერო ძალების ერთ-ერთ მთავარ თვითმფრინავს წარმოადგენდა. ალექსანდრე ქართველიშვილმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგაც შექმნა თვითმფრინავების არაერთი ცნობილი მოდელი. ავიაკონსტრუქტორი 1974 წელს ნიუ-იორკში გარდაიცვალა.
ავიამშენებლობის და აერონავტიკის დარგში დიდი დამსახურებისთვის ალექსანდრე ქართველს (ქართველიშვილს) მიღებული ჰქონდა აშშ-ის მეცნიერების ეროვნული მედალი, არჩეული იყო აშშ-ის საინჟინრო აკადემიის საპატიო წევრად.
R