გია ბუღაძის გამოფენა: „Olim – ოდესღაც” გაიხსნება

 6 მარტს, 17:00 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გია ბუღაძის გამოფენა: „Olim – ოდესღაც” გაიხსნება.
გია ბუღაძე: „Olim“ ლათინური სიტყვაა და ნიშნავს „ოდესღაც“. სიტყვა შეიცავს დროის ორ მიმართებას როგორც წარსულისაკენ, ასევე მომავლისაკენ. გამოფენაზე წარმოდგენილი გია ბუღაძის სერია „Olim – ოდესღაც“ არის მეგალოგრაფია, რომელიც შედგება 33 დამოუკიდებელი ნამუშევრისგან, რაც მთლიანობაში მიმართულია ერთი მასშტაბური და აქტუალური იდეისა თუ პრობლემის დასმისაკენ.
ევროპაში, და არა მარტო, არსებობს საყოფაცხოვრებო ტრადიცია, ქცევის წესი – როდესაც ბინას, ან სახლს დროებით ტოვებენ, ნივთებს, საგნებს, ავეჯს, სარკეებს, ჭაღებს თეთრი მატერიით – სუდარით ფარავენ, რათა შეინახონ, დაიცვან დაზიანებისა და მტვრისაგან იმ დრომდე, ვიდრე შინ დაბრუნდებიან.
„Olim არის ვიზუალური მახსოვრობის „თეატრი“, რომელიც გადანახვას და შენახვას ისახავს მიზნად. ამიტომაც გამოვიყენე ამგვარი მეთოდი: წმინდა წერილიდან, კერძოდ კი, სახარებიდან ავიღე სცენები, ისინი ისეთი იკონოგრაფიული ვერსიებით გამოვსახე, რომ ყოველი სცენა იოლად ამოსაცნობი ყოფილიყო. სცენები ტილოზე დავიტანე და თეთრი სუდარა „გადავაფარე“, შევფუთე ერთგვარი სუდარა-ბადით, გადავმალე, გადავინახე, გაცხადება-გახსნის დრომდე შევინახე“ – ამბობს ავტორი.
სერია „Olim – ოდესღაც“ შინაარსთა დაფარვა-გახსნას გულისხმობს, როდესაც ის მრავალი იდეა, რომელიც დღეს შენახული და დაფარულია, გაიხსნება და აიხსნება; ეს მოხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენი შინ დაბრუნების დრო დადგება“.

გამოფენა 11 აპრილის ჩათვლით გასტანს.
მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზ.11.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები