ევროკავშირი მაცხოვრის საფლავის ტაძრის დაკეტვას გამოეხმაურა
ევროკავშირი იმედოვნებს, რომ მაცხოვრის საფლავის ტაძრის დახურვის პრობლემა უახლოეს მომავალში ამოიწურება. როგორც ცნობილია, ამ დროისთვის, ტაძარი დახურულია. იქ არ უშვებენ ტურისტებს და მომლოცველებს, რადგან ტაძრის მესვეურები, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ, საეკლესიო ქონებაზე მუნიციპალური სახდელის დაწესებას აპროტესტებენ.
„მე მინდა განცხადება გავაკეთო, გუშინ იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავის ტაძრის დახურვასთან დაკავშირებით. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ გადაწყვეტილება მალე იქნება მიღებული. იერუსალიმი სამი მონოთეისტური რელიგიის მიმდევრებისთვის წმინდა ქალაქია, მისი განსაკუთრებული სტატუსი და ხასიათი ყველას მიერ უნდა იყოს დაცული და შენახული“- განუცხადა ჟურნალისტებს დღეს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ.
გადაწყვეტილებას კი, რომელიც ამ დროისთვის მოქმედებს, თავად სამღვდელოება უპრეცედენტოს უწოდებს და ის ბერძნულ-მართლმადიდებლურმა, სომხურმა და კათოლიკურმა ეკლესიებმა ერთობლივად მიიღეს. ეს სამი ეკლესია კოლექტიურად მართავს უდიდეს სიწმინდეს, რომელიც აგებულია მაცხოვრის საფლავის ადგილას.
შეგახსენებთ, რომ იერუსალიმის ხელისუფლება ყველა ქრისტიანული კონფესიისგან ითხოვს მუნიციპალური სახდელის გადახდას მთელი მათი ქონებიდან, გარდა თავად სამლოცველო შენობებისა. უკვე დაწყებულია მათი ანგარიშების დაყადაღება, რადგან გამოვლენილია წინა წლების გადაუხდელობის ფაქტი.
იერუსალიმის მერიაში გამოთვალეს, რომ ეკლესიების საერთო დავალიანება ქალაქის ბიუჯეტის წინაშე 186 მილიონ დოლარს აღემატება. ეკლესიები უარს ამბობენ სახდელის გადახდაზე და მერიის გადაწყვეტილებას უწოდებენ მრავალწლიან „სტატუს-კვოზე” თავდასხმას.