ფრანგულმა პოლიციამ 100 წლის წინ მომხდარი გახმაურებული მკვლელობის ძიება განაახლა
ფრანგი სამართალდამცველები იკვლევენ ნეშტს, რომელიც, შესაძლოა, თითქმის 100 წლის წინ მომხდარ მკვლელობასთან იყოს კავშირში.
განახლებული გამოძიება ეხება საფრანგეთის კრიმინალურ ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ შემთხვევას. ფინისტერის დეპარტამენტის გენერალური მრჩეველი პიერ კემენერი, უგზო-უკვლოდ, 1923 წლის მაისში დაიკარგა. კემენერი მოკლულად აღიარეს, თუმცა მისი ცხედარი ვერ იპოვეს.
1924 წელს, ქალაქ მორლეს მკვიდრი გიომ სეზნეკი, რომელიც კემენერს პარიზში მგზავრობისას ახლდა, პარტნიორის მკვლელობაში დამნაშავედ სცნეს. მას უვადო კატორღა მიუსაჯეს. სასამართლო პროცესმა კი, ფართო საზოგადოებრივი რეზონანსი გამოიწვია, რადგან ბევრი იურისტის აზრით, ბრალდების მხარემ სეზნეკის დანაშაულის დამამტკიცებელი საკმარისი მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა.
გასულ შაბათს, ადვოკატმა დენი ლანგლუამ და სეზნეკის საქმის შესახებ წიგნის ავტორმა ბერტრან ვილენმა იმ სახლში განახორციელეს გათხრები, სადაც მსჯავრდებული ცხოვრობდა.
ძვლების პირველი ფრაგმენტები მათ ყოფილი ღვინის მარნის ადგილას იპოვეს. ამის შემდეგ კი, ძებნას პოლიციელები შეუერთდნენ. სავარაუდოდ, ადამიანის ნეშტის ნაწილები მათაც იპოვეს. ქალაქის პროკურორის განცხადებით, ამ დროისთვის არა რთულ სამეცნიერო ანალიზზეა საუბარი, არამედ ვიზუალურ ექსპერტიზაზე, ანთროპოლოგების ჩართვით. მას შემდეგ, რაც სამართალდამცველები დარწმუნებიან, რომ ნაპოვნი ძვლები შესაბამისი ასაკის ადამიანს ეკუთვნის, მისი „დე-ენ-ემ“-ის გამოკვლევა დაიწყება.