“სასიამოვნოა, როდესაც გარდა ცოდნისა, ვიღაც შენს მიღწევებსაც აქცევს ყურადღებას”-დავით საგანელიძემ შარშან ქველმოქმედებაში 101 000 ლარი დახარჯა

საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის, დავით საგანელიძის ხელფასის ოდენობას საზოგადოებაში არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. როგორც მან ერთ-ერთ გადაცემაში განაცხადა, მისი ხელფასის 2/3 ქველმოქმედებას ხმარდება. დავით საგანელიძემ ყველა ის დაწესებულება ჩამოთვალა, სადაც მისი შემოსავლის ნაწილი ქველმოქმედების სახით ირიცხება. როგორც მან აღნიშნა, ერთ-ერთი მათგანი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტია. ამ საკითხთან დაკავშირებით, „კვირა“ აღნიშნული უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანს, თინა ჩიქოვანს დაუკავშირდა. როგორც მან ჩვენთან საუბრისას განაცხადა, სტიპენდიას 5 ფაკულტეტის 5 სტუდენტი იღებს. მისივე თქმით, ვინაიდან სტიპენდია თანხობრივად ერთ-ერთი ყველაზე მაღალია, ამიტომ ის ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე სტუდენტს ენიშნება.
დეკანის შეფასებით, სტუდენტებისთვის ეს ფინანსურად ძალიან დიდი მხარდაჭერაა.
„ბატონი დავითის სტიპენდია უკვე სამი წელია, რაც არსებობს ჩვენს უნივერსიტეტში. თითო ფაკულტეტზე თითო სტიპენდიაა დანიშნული, შესაბამისად 5 ფაკულტეტია და 5 სტუდენტია ბატონ დავით საგანელიძის მიერ დაფინანსებული. ვინაიდან ეს არის თანხობრივად ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სტიპენდია, ამიტომ ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე სტუდენტს ვთავაზობთ, რომლებსაც მაღალი ქულები აქვთ. რა თქმა უნდა, ეს დადებითად აისახა სტუდენტებზე, რადგან არ ვართ განებივრებულები ამგვარი რაღაცებით. ასე დანიშნული სტიპენდიები კი კეთილი ნებაა, დავით საგანელიძე ჩვენი კურსდამთავრებულია და გამოიჩინა კეთილი ნება. ეს ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა, სტუდენტებისთვის კი ძალიან საამაყო, ვინც სტიპენდიანტია ყველა მათგანი გამორჩეულია. ახლა ვინც გახდა ბატონი დავითის სტიპენტდიანტი მედიცინის ფაკულტეტიდან, მან გაიმარჯვა ERASMUS-ის პროექტის ფარგლებში და გაცვლითი პროგრამით პოლონეთში იმყოფება. მე სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან კარგი სტუდენტები გვყავს. მათთვის ეს ფინანსურად ძალიან დიდი მხარდაჭერაა. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს 5 სტიპენდია აქვს დავით საგანელიძის. თანხის ჩარიცხვა კი მათ ანგარიშზე ხორციელდება“,-განაცხადა თინა ჩიქოვანმა.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის სტუდენტი ქეთი მამიჯანაშვილი დავით საგანელიძის მიერ დაფინანსებულ სტუდენტებს შორის ერთ-ერთია. როგორც მან „კვირასთან“ საუბრისას აღნიშნა, მსგავსი მიდგომა ძალიან წამახალისებელია სტუდენტებისთვის. მისივე თქმით, სასიამოვნოა, როდესაც გარდა ცოდნისა ვიღაც შენს მიღწევებსაც აქცევს ყურადღებას.
“დავით საგანელიძის სტიპენდიას გასული სემესტრიდან ანუ სექტემბრიდან ვიღებ. მოგეხსენებათ, რეიტინგი დგება ყოველი სემესტრის ბოლოს და ამ რეიტინგის მიხედვით ინიშნება სტიპენდიები. მსგავსი მიდგომა ძალიან წამახალისებელია სტუდენტებისთვის, მე პირადად ძალიან მადლიერი ვარ ბატონი დავითის. გიფასდება სწავლა, მე იმიტომ არ ვსწავლობ, რომ რაღაც თანხობრივი სარგებელი მქონდეს, მაგრამ რა თქმა უნდა, დადებითად მოქმედებს სტუდენტებზე. ხვდები, რომ გარდა ცოდნისა, ვიღაცა უყურებს შენს მიღწევებს, აფასებს ამას და ყურადღებას გაქცევს. გარკვეული შემოსავლის წყაროა. გარდა ამისა, მოტივაციაც გაჩნდა, არ გინდა “დააგდო” შენი სწავლის დონე იმიტომ, რომ უკვე სახელობითი სტიპენდიანტის სტატუსი გაქვს”, – ამბობს სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი, დავით საგანელიძის სახელობის სტიპენდიანტი ქეთი მამიჯანაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები