სუს-ი არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის ოკუპირებული ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის 22 თებერვალს, ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა, საქართველოს მოქალაქეები: არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს.
საინფორმაციო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. მოცემულ მომენტში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ცხელი ხაზის მეშვეობით, დე-ფაქტო ხელისუფლების და რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან, კატეგორიულად მოითხოვს არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების და ყველა ზემო ხსენებული პირის დაკავების შესახებ ზუსტი და ამომწურავი ინფორმაციის მიღებას. აღნიშნულზე აუცილებელია საერთაშორისო ორგანიზაციების და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების მყისიერი და პრინციპული რეაგირება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შეფასებით, ასევე პრინციპულად მნიშვნელოვანია, სამხარაულის ექსპერტების ადგილზე შესვლა, რათა მოხდეს ცხედრის პირველადი დათვალიერება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს“, – ნათქვამია სუს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები