აუქციონზე შეძენილი ქონების შესახებ განკარგულება ელექტრონული სახით გაიცემა

სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მომხმარებლებს კიდევ ერთ ინოვაციურ სერვისს სთავაზობს. ამჯერად, დაინტერესებული პირებისათვის ვებგვერდ eAuction.ge-ზე ქონების შეძენა/გაფორმების პროცედურები გამარტივდა.

პირი, რომელიც ელექტრონულ აუქციონზე აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოცხადებულ ქონებას შეიძენს, გამარჯვებისთანავე მიიღებს შეტყობინებას, განკარგულების და სხვა თანდართული დოკუმენტის ელექტრონულად მიღებისა და ჩამოტვირთვის შესაძლებლობის შესახებ.

მოქალაქეს აქვს არჩევანის თავისუფლება, დაეთანხმოს დოკუმენტის ელექტრონული წესით მიღებას ან კვლავ ეწვიოს აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და იუსტიციის სახლებში და დოკუმენტი ხელზე, მატერიალური სახით ჩაიბაროს.

ქონების შემძენი, დოკუმენტის ელექტრონულად მიღების შესახებ შეტყობინების დათანხმების შემთხვევაში, მოგებულ ლოტზე დოკუმენტაციის ატვირთვის შესახებ ინფორმაციას მობილურ ტელეფონზე მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მიიღებს. ამასთან, შესაძლებლობა ექნება, eAuction.ge-ს პირად გვერდზე ჩამოტვირთოს დოკუმენტაცია, რომელიც ჩამოტვირთვისთანავე მისთვის ჩაბარებულად ჩაითვლება.

პროექტი სსიპ ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან თანამშრომლობით განახორციელა. აღნიშნული სერვისი ინოვაციურია და ორიენტირებულია მომხმარებელთა დამატებითი ხარჯებისა და დროითი რესურსების დაზოგვაზე.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: 2 601 601

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები