„თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ განცხადებას ავრცელებს

თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის აღსრულების დაწყებამდე ორი თვით ადრე, არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანება თამბაქოს კონტროლის ალიანსი შსს-ს უმოქმედობაზე საუბრობს.
ალიანსის განცხადებით, შსს კანონის აღსრულების დაწყებისთვის, ფაქტობრივად, არ ემზადება.
მათივე განცხადებით, თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონი, რომელიც 2017 წლის 17 მაისს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო, მიმდინარე წლის 1-ელი მაისიდან შედის ძალაში და პირველ რიგში საზოგადოებრივი თავშეყრის დახურულ ადგილებში მოწევის აკრძალვას შეეხება. კანონის მთავარი აღმასრულებელი შსს-ს საპატრულო პოლიცია და უბნის ინსპექტორის სამსახური იქნება, რისთვისაც საჭიროა შესაბამისი მომზადება, ფუნქციების განაწილება და სპეციალური ტრენინგების გავლა.
როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული, მიუხედავად ამისა, ამ დრომდე გაურკვეველია მინისტრის რომელი მოადგილის საკურატორო იქნება თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულება, ვისთან უნდა ითანამშრომლოს არასამთავრობო სექტორმა, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, დახურულ სივრცეში, როგორც კერძო ორგანიზაციებში, ისე საჯარო დაწესებულებებში მონიტორინგს გაუწევს თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულებას.
„კანონის აღსრულების დაწყებამდე ორი თვე დარჩა. ვიმედოვნებთ, შს მინისტრი უახლოეს პერიოდში გამონახავს დროს აღნიშნულ თემაზე სამუშაო ჯგუფთან შესახვედრად, ან გვამცნობს, მის რომელ მოადგილესთან უნდა გვქონდეს კომუნიკაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაჩნდება ეჭვი, რომ თამბაქოს ინდუსტრია თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის აღსრულების პროცესის შეფერხებას მთავარი აღმასრულებელის, შსს-ს გუნდში ცდილობს. ვიმედოვნებთ, მინისტრი გიორგი გახარია არ დაუშვებს ამგვარი ეჭვის საფუძველს და თამბაქოს ინდუსტრიის ხრიკებს ქვეყნის მთავარ სამართალდამცავ ორგანოში დასაყრდენი არ ექნება. ალიანსი მზად არის სპეციალური ტრეინინგები ჩაუტაროს პოლიციელებს და დაეხმაროს მათი შესაბამისი ფუნქციების სრულფასოვნად განხორციელებაში.“ _ ნათქვამია “თამბაქოს კონტროლის ალიანსის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები