პარლამენტმა “მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

პარლამენტმა 83 ხმით, საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით “მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ვეტო დაძლია.

თავდაპირველად კენჭი პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ პროექტს ეყარა, რომელსაც 13-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო წინააღმდეგ ხმა პარლამენტის 75-მა წევრმა მისცა. ამის შემდეგ კენჭისყრაზე პარლამენტის მიერ მიღებული და ვეტოდადებული კანონპროექტი დადგა – ვეტო 83 ხმით, (13 წინააღმდეგი) დაძლიეს.

მმართველი უმრავლესობის მიერ კიდევ ერთხელ მხარდაჭერილი კანონპროექტით, საზოგადოებრივ მაუწყებელს უფლებამოსილება უფართოვდება და შეეძლება კანონმდებლობით განსაზღვრული შემოსავლები, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ასიგნებები დამწყები საწარმოების (სტარტაპები) წახალისების, (ტელე, რადიო და ონლაინ პროდუქციის) ინოვაციური განვითარების, მაუწყებლობის სფეროში გარემოს განვითარების ხელშეწყობაზე მიმართოს.

“მაუწყებლობის შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დასაშვები ხდება კომერციული რეკლამის განთავსება სამუშაო დღეებში, გარდა საუკეთესო დროსი (19:00 – 24:00). რეკლამის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ყოველ საათში 3-წუთს. გარდა ამისა, იზრდება სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალისა და სხვა პროგრამების დროს კომერციული რეკლამის ხანგრძლივობა – ნაცვლად 30 წუთისა, იგი არ უნდა აღემატებოდეს 60 წუთს, ხოლო ყოველ საათში ნაცვლად 6 წუთისა, 12 წუთს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არხებზე დასაშვები ხდება სპონსორობა მხოლოდ სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალის/კონკურსის და გასართობის გადაცემის, სერიალების დროს.

საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ვალდებული ხდებიან, ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმონ 3 საათში ჯამში არანაკლებ 90 წამისა (ნაცვლად 1 საათში არანაკლებ 60 წამისა).

“მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებით, იმიჯნება უფლებამოსილებები საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტსა და სამეურვეო საბჭოს შორის. დღეს არსებული კანონით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტს სამეურვეო საბჭო ამტკიცებს და ასევე მას შეაქვს ბიუჯეტში ცვლილებები. კანონში შესატანი ცვლილებებით, საბჭო უფლებამოსილი იქნება მხოლოდ გენერალური დირექტორის წარდგინებით შეიტანოს ბიუჯეტში ცვლილებები. გარდა ამისა, საზოგადოებრივი მაუწყებლის დებულებაში ცვლილების შეტანაც მხოლოდ დირექტორის წარდგენებით იქნება შესაძლებელი.

გარდა ამისა, ”სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონი არ გავრცელდება დამოუკიდებელი კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებულ პროგრამაზე, რომლებსაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერის არანაკლებ 25% დაეთმობა. ”სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონით დადგენილი შეზღუდვები ასევე არ გავრცელდება საზოგადოებრივ მაუწყებლის ეთერით გადასაცემი გადაცემების, ფილმების, სერიალების დამზადების მომსახურების შესყიდვაზე.

რაც შეეხება პრეზიდენტის ვეტოს, გიორგი მარგველაშვილი აღნიშნული კანონროექტის იმ ნაწილს არ დაეთანხმა, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში კომერციული რეკლამის განთავსებას და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საკითხს ეხება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები