დიმიტრი ხუნდაძე: საპენსიო რეფორმას არა დღევანდელი, არამედ, ხვალინდელი გადმოსახედიდან უნდა შევხედოთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ დღეს პარლამენტში ახალ საპენსიო რეფორმაზე კომენტირებისას აღნიშნა, რომ დაგროვებით საპენსიო რეფორმას არა დღევანდელი, არამედ, ხვალინდელი გადმოსახედიდან უნდა შევხედოთ.

„საპენსიო რეფორმაზე მუშაობა ჯერ კიდევ მერვე მოწვევის პარლამენტში, 3 წლის წინ დავიწყეთ და რამდენიმე შეხვედრა გავმართეთ ჯანდაცვის კომიტეტში.

ზოგიერთი ის პოლიტიკოსი, ვინც დღეს ამ რეფორმის დაწყების გამო გვაკრიტიკებს, მაშინ იმის გამო გვაკრიტიკებდა, რომ ამ მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელებას ვაგვიანებდით. მიზეზი გასაგებია – ოპოზიცია იწუნებს ყველაფერს და ამას პოლიტიკური მიზნებისათვის იყენებს. თუმცა, ვაღიარებთ რომ პროექტის შინაარსიდან და მისი მასშტაბურობიდან გამომდინარე, გარკვეული რისკები არსებობს. ის მოსალოდნელი საფრთხეები, რაც ჩვენს ქვეყანას ელის, ბევრად უფრო დიდია, ვიდრე ამ რეფორმაში არსებული რისკები. ბევრჯერ მითქვამს, რომ ქვეყანა დგას დემოგრაფიული პრობლემების წინაშე. კიდევ ერთხელ მსურს განვმარტო საპენსიო რეფორმის განხორციელების აუცილებლობის მთავარი მიზეზი – ეს არის ერის ასაკობრივი სტრუქტურის ცვლა და აქტიური დაბერების პროცესი, რომლითაც, სამწუხაროდ, მსოფლიოში მეოთხე ადგილს ვიკავებთ. მსოფლიოში ქვეყნების უმრავლესობის დაგროვებით საპენსიო სიტემაზე გადასვლის მთავარი მიზეზი დემოგრაფიული მდგომარეობის გაუარესება იყო.

საქართველოში, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში, დაახლოებით 60-იანი წლების დასაწყისში, დაფიქსირდა ყველაზე მაღალი შობადობა, რაც ორჯერ აღემატებოდა დღევანდელ მაჩვენებლებს. ის თაობა სწორედ ახლა იწყებს საპენსიო ასაკში შესვლას და პრაქტიკულად, ყოველდღიურად მატულობს პენსიონერთა რაოდენობა. ერის დაბერება არ არის ნეგატიური პროცესი, ეს არის დემოგრაფიული გარდაქმნის გარდაუვალი რეალობა. მაგრამ, ის პრობლემად შეიძლება იქცეს, თუ სწორად არ დავგეგმავთ მომავალს. სწორედ ამიტომ, მერვე მოწვევის პარლამენტმა მიიღო ორი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი: – სახელმწიფო დემოგრაფიული უსაფრთხოების და დაბერების პოლიტიკის დოკუმენტები. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში არაერთი დემოგრაფიული ინიციატივა განვახორციელეთ და შობადობაც შესაბამისად გაიზარდა, დემოგრაფიული წარსულიდან გამომდინარე, შემდგომ წლებში მაინც მოგვიწევს დაბალი შობადობის რეჟიმში ცხოვრება. მწარმოებელი ფენა, ვინც შრომისუნარიანია, თანდათან მცირდება, იზრდება მხოლოდ ხანდაზმულთა რაოდენობა. ასეთ კრიზისს ვერ უძლებს ვერც ერთი ძლიერი სახელმწიფო.

მესმის, რომ არის რისკები, მაგრამ, კიდევ ერთხელ ვამბობ, ის მოსალოდნელი საფრთხეები, რაც ჩვენს ქვეყანას ელის, ბევრად უფრო დიდია, ვიდრე ამ რეფორმაში არსებული რისკები. ამიტომ, ვთხოვ ყველას, სწორად გავიაზროთ ეს საკითხი, სწორი აღქმის საშუალება მივცეთ საზოგადოებას, მაქსიმალურად დავაზღვიოთ რისკები და ქვეყანას არა დღევანდელი, არამედ, ხვალინდელი გადმოსახედიდან შევხედოთ,“- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები