“საქართველოს საკანონმდებლო სივრცე ევროკავშირის სამართლებრივ აქტებთან და საკანონმდებლო ბაზასთან ეტაპობრივ დაახლოებას საჭიროებს”

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის პროექტის და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ” კანონპროექტები განიხილეს.

საკითხი კომიტეტის წევრებს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ გააცნო. მისი ინფორმაციით, ასოცირების შეთანხმების შესაბამისად, საქართველოს საკანონმდებლო სივრცე ევროკავშირის სამართლებრივ აქტებთან და საკანონმდებლო ბაზასთან ეტაპობრივ დაახლოებას საჭიროებს. ეს პროცესი კი, მისივე შეფასებით, ბევრ ნიუანს მოიცავს, რადგან არ არსებობს ფორმალიზებული და გაწერილი პრაქტიკა თუ როგორ უნდა განხორციელდეს ევროკავშირის რეგულაციების, დირექტივების და რეკომენდაციების კანონმდებლობაში ასახვა.

„ჩვენ გავეცანით საერთაშორისო პრაქტიკას და იმ ქვეყნების გამოცდილებას, რომლებმაც არა მარტო გაიარეს ასოცირების პროცესი, არამედ დღეს უკვე ევროკავშირის წევრები არიან. შესაბამისად, კომიტეტმა მოამზადა პროექტი, რომელიც „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” კანონპროექტში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს. ცვლილებები კი კანონპროექტის განმარტებითი ბარათის გარკვეული ფორმულირებების დაზუსტებას და შესაბამისი ცხრილის დამატებას ითვალისწინებს”, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.

წარმოდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით, სხდომაზე დისკუსია გაიმართა. კომიტეტის წევრებმა გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, მომხსენებლისგან დამატებითი განმარტებები მოისმინეს. კანონპროექტის განხილვისას კომიტეტის მხრიდან გამოითქვა მოსაზრება, რომ განმარტებითი ბარათის ახალმა ფორმულირებებმა შესაძლოა კანონპროექტების ინიციატორებს, მისი მომზადების პროცესში გარკვეული სირთულეები შეექმნათ.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის განცხადებით, ინიციატივა მხარდასაჭერია, თუმცა იგი გარკვეულ კითხვებს აჩენს. „როგორც სავალდებულო კომიტეტმა, სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, მხარი დაუჭიროთ წარმოდგენილ კანონპროექტს და კომიტეტის მიერ მომზადებული დასკვნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადავცეთ”, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები