საქართველოს პროკურატურაში ახალდანიშნული სტაჟიორებისთვის მენტორობის პროგრამა დაინერგა

ახალი კადრების პროფესიული განვითარებისა და სისტემაში ადაპტაციის მიზნით, საქართველოს პროკურატურაში, მენტორობის პროგრამა დაინერგა. პროექტი ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის მხარდაჭერით ხორციელდება. დღეს გამართულ ღონისძიებაზე, ახალდანიშნულ 61 სტაჟიორსა და სისტემის მენტორებს საქართველოს მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ და აშშ-ს სამართლებრივმა მრჩეველმა მაიკლ გრანტმა მიმართეს. ირაკლი შოთაძემ სტაჟიორებს პროკურატურის სისტემაში დანიშვნა მიულოცა და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. შეხვედრას მთავარი პროკურორის მოადგილეები, მენეჯერები, პროკურორები და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროკურატურის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში აქცენტი სისტემაში ახალი კადრების პროფესიული განვითარებისა და მენტორობის პროგრამის დანერგვის მნიშვნელობაზე გაკეთდა. მიმდინარე წელს, საქართველოს პროკურატურაში სტაჟიორების ადაპტაციისა და პროფესიული განვითარების პროცესში, წინასწარ შერჩეული და მომზადებული მენტორები პირველად ჩაერთვებიან. პროექტის ფარგლებში, პროკურატურის სისტემის გამოცდილი თანამშრომლების მხარდაჭერით, სტაჟიორები ორგანიზაციული კულტურის გაცნობას, პროფესიული საქმიანობისთვის აუცილებელი ცოდნის, უნარების განვითარებასა და პრაქტიკულ გამოწვევებთან გამკლავებას შეძლებენ. მენტორობის პროგრამაში ჩართულ პროკურორებს სერთიფიკატები საქართველოს მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ და აშშ-ის სამართლებრივმა მრჩეველმა მაიკლ გრანტმა გადასცეს.
სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი 2017 წლის მაისში გამოცხადდა, რომელზეც 1315 მსურველის განაცხადი შემოვიდა. მათ შორის, 61 წარმატებული კანდიდატი 3-ეტაპიანი კონკურსის გავლის შედეგად შეირჩა. შერჩეული კანდიდატები ერთ წლამდე ანაზღაურებად სტაჟირებას პროკურატურის სხვადასხვა ტერიტორიულ ორგანოებში გაივლიან. სტაჟიორებად დანიშვნამდე მონაწილეებს სპეციალური მოსამზადებელი კურსი ჩაუტარდათ. სასწავლო პროგრამა ორიენტირებული იყო მსმენელებისთვის იმ პრაქტიკული ცოდნისა და უნარების განვითარებაზე, რომელიც მათ სამომავლოდ პროფესიული საქმიანობის ეფექტიანად განხორციელებაში დაეხმარება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები