ემზარ კვიციანი: მთელი პრობლემა სარეზერვო სამსახურში კი არა, მმართველობაშია

“მთელი პრობლემა სარეზერვო სამსახურში კი არა, მმართველობაშია”, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენელი ემზარ კვიციანი სამხედრო რეზერვის რეფორმას. როგორც მან პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, როგორი სარეზერვო სამსახურიც არ უნდა ჩამოყალიბდეს, ქვეყანას თუ არ ეყოლება უმაღლესი მთავარსარდალი, სამსახურს არ ექნება ის შედეგი, რაც უნდა ჰქონდეს.
“რეზერვის პროექტი არ არის ცუდი, მაგრამ როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, ამის საჭიროება 2008 წლის საომარმა მოქმედებებმა აჩვენა. ჩვენი მომზადება არასათანადო იყო. ამ დროს იყო საუბარი, თითქოსდა კარგი თავდაცვა გვაქვს და კარგად მუშაობს სარეზერვო სამსახური. 2008 წელს იმიტომ არ იყო კარგად საქმე, რომ მთავარსარდალი მოღალატე გვყავდა. ამ შემთხვევაში როგორი სარეზერვო სამსახურიც უნდა ჩამოყალიბდეს, თუ არ გვეყოლება უმაღლესი მთავარსარდალი, სამსახურს არ ექნება ის შედეგი, რაც უნდა ჰქონდეს.
აღნიშნული პროექტი კი ძირითადად აგებულია იმაზე, თუ როგორ იქნება გაწვევები, შეიქმნება ადგილობრივი რაზმები და ა.შ. ასევე, მე ვითხოვდი კანონს “უკანონო ბრძანების” გაცემის. უკანონო ბრძანება იყო გაცემული, როდესაც კოდორის ხეობა დატოვა 3500 სამხედრომ, რომლის შენარჩუნება 16 კაცით დავიწყეთ. ამიტომ მთელი პრობლემა სარეზერვო სამსახურში კი არა, მმართველობაშია”, – განაცხადა ემზარ კვიციანმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
კვიციანმა ვიზალიბერალიზაციის საკითხზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დროს მიღებულმა სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის (ქურდული ტრადიციების წინააღმდეგ) არსებობამ განაპირობა კრიმინალების ქვეყნიდან გადინება, რის შედეგებსაც ახლა ევროპაში ვხედავთ ჩადენილი დანაშაულების სახით. მისივე თქმით, ყოველივე ეს ვიზალიბერალიზაციის დაკარგვის საფრთხეს ქმნის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები