RMG-ი კომპანიის წინააღმდეგ ბოლო პერიოდში გამოთქმულ ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს

ბოლო პერიოდში RMG-ის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებს, კომპანია „არემჯი გოლდი“ უსაფუძვლოს უწოდებს.
როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მსგავსი ბრალდებები კომპანიის საქმიანი რეპუტაციისა და იმიჯის შემლახავი, მიზანმიმართული კამპანიის ხასიათს ატარებს.
კომპანიაში განმარტავენ, რომ დღეს დაგეგმილ საჯარო განხილვაზე, კომპანიის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი განიხილება, თუმცა ზოგიერთი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფი, ამ პროცესთან დაკავშირებით, პოლიტიზებულ განცხადებებს აკეთებს.
„გვინდა გამოვეხმაუროთ, ბოლო პერიოდში, RMG-ის წინააღმდეგ გამოთქმულ უსაფუძვლო ბრალდებებს, რაც კომპანიის საქმიანი რეპუტაციისა და იმიჯის შემლახავი, მიზანმიმართული კამპანიის ხასიათს ატარებს.
ჩვენ საქართველოსა და ამიერკავკასიაში ერთ-ერთი უმსხვილესი სამთო-მოპოვებითი კომპანია ვართ. კომპანიაში დასაქმებულია 3000-მდე ადამიანი, რომელთა 90% ქვემო ქართლის რეგიონის ადგილობრივი მოსახლეა. ასევე, RMG წლებია ახორციელებს მნიშვნელოვან სოციალურ, საგანმანათლებლო, სპორტულ და კულტურულ პროექტებს.
40-წლიანი ისტორიის მქონე საწარმოს, გარემოსდაცვითი კუთხით, გარკვეული საკითხები ნამდვილად დაუგროვდა. ამიტომაც, RMG-ის პრიორიტეტულ მიმართულებად განსაზღვრულია გარემოს დაცვაზე ზრუნვა. კომპანიას გაცხადებული აქვს გარემოსდაცვითი პოლიტიკა, რომლის შემუშავებაშიც დარგის საერთაშორისო ექსპერტებმა მიიღეს მონაწილეობა. არსებობს კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელშიც გაწერილია ღონისძიებები, მათი შესრულების ვადები და ამ პროგრამისთვის დაგეგმილია ათეულობით მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება. კონკრეტული ღონისძიებები უკვე დაწყებულია. კომპანიაში მიმდინარე ყველა პროცესი ღიაა და დაინტერესებული პირებისთვის ინფორმაცია ხელმისაწვდომია.
დღეს დაგეგმილ საჯარო განხილვაზე კომპანიის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი განიხილება, თუმცა ზოგიერთი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფი, ამ პროცესთან დაკავშირებით, პოლიტიზებულ განცხადებებს აკეთებს. ვთხოვთ ამ ჯგუფებს, წარმოადგინონ კონკრეტული საქმიანი შენიშვნები და რეკომენდაციები იმ დოკუმენტთან დაკავშირებით, რომელიც დღევანდელ საჯარო განხილვაზეა წარმოდგენილი. თავის მხრივ, კომპანია RMG გაცხადებული გარემოსდაცვითი პოლიტიკის ფარგლებში, ყველა საქმიანი შენიშვნისა და რეკომენდაციის გათვალისწინებაზე სრულ მზადყოფნას გამოთქვამს.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ თავისუფალი ბიზნესის წინააღმდეგ უსაფუძვლო ბრალდებებისა და ზეწოლისაგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია RMG შესაბამის სამართლებრივ ნაბიჯებს გადადგამს“, –აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები