ირაკლი ალასანია ამერიკელ სენატორებს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ, ირაკლი ალასანიას ხელმძღვანელობით, აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის სენატის წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ის სენატის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან კარლ ლევინთან შეხვედრაზე ირაკლი ალასანიამ საქართველოს თავდაცვის სფეროში გატარებული რეფორმები გააცნო. თავდაცვის მინისტრმა სენატორს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ მისურის შტატის სენატორთან როი ბლანტთანაც გამართა შეხვედრა. ირაკლი ალასანიამ სენატორებთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და აშშ-ის პრეზიდენტის ბარაქ ობამას შორის გამართული შეხვედრის მნიშვნელობას, რის შემდეგაც საქართველოს მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა.
„დღევანდელი შეხვედრები სენატში იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ნატოს სამიტის წინ საქართველოსთან დაკავშირებით პოზიცია ჩამოგვეყალიბებინა. მინდა ვთქვა, რომ პრეზიდენტ ობამასა და ღარიბაშვილის შეხვედრის შემდეგ ამერიკაში ძალიან მაღალი ინტერესია იმისთვის, რომ საქართველო იყოს წარმატების მოდელი ნატოს სამიტზე და წარმატების მოდელი სხვა რეგიონალური ქვეყნებისთვის. ამიტომ, მართლაც, არსებობს მაღალი მხარდაჭერა, რომელიც დარწმუნებული ვარ, გადაითარგმნება უკვე კონკრეტულ გადაწყვეტილებაში ნატოს სამიტზე“,- განაცხადა ირაკლი ალასანიამ. ვიზიტის ფარგლებში, თავდაცვის მინისტრი ასევე შეხვდა ახალი ამერიკული უსაფრთხოების ცენტრის პრეზიდენტს რიჩარდ ფონტეინსა და ამერიკის სამეწარმეო ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტს. დანიელა პლეტკა ინსტიტუტში საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის სფეროს კურირებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები