ირაკლი კობახიძე: უმრავლესობა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს

„გვქონდა სიღრმისეული მსჯელობა არგუმენტებით ვეტოსთან დაკავშირებით, კანონპროექტთან დაკავშირებით და ამის საფუძველზე მივიღეთ ეს გადაწყვეტილება – საპარლამენტო უმრავლესობა დაძლევს ვეტოს“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უმრავლესობის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, საკითხი თავისუფალ კენჭისყრაზე არ დადგება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვეტოს დაძლევას უმრავლესობის ყველა წევრი დაუჭერს მხარს. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ რამდენიმე დეპუტატის სახით, იქნება გამონაკლისიც.

„ეს საკითხი არ დადგება თავისუფალ კენჭისყრაზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა დეპუტატი მხარს დაუჭერს ვეტოს დაძლევას. გამონაკლისი იქნება რამდენიმე დეპუტატი და ესენი არიან ის დეპუტატები, რომლებიც ამ თვეების განმავლობაში, საკუთარი არგუმენტებით გამოდიოდნენ კანონპროექტის წინააღმდეგ. მათ შეეძლებათ საკუთარი პოზიციის თავისუფლად გამოხატვა. მათ დაკავშირებით. რაც შეეხება, ზოგადად, თავისუფალ კენჭისყრას, თავისუფალ კენჭისყრაზე ეს საკითხი არ დადგება“,- განმარტა ირაკლი კობახიძემ.

ჟურნალისტებთან საუბრისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ის მთავარი არგუმენტებიც დაასახელა, რის გამოც უმრავლესობამ ვეტოს დაძლევის გადაწყვეტილება მიიღო.

„ვეტო დადებული აქვს ორ საკითხს: ერთი არის შესყიდვები და შესყიდვებთან დაკავშირებით, ჩვენ შევაჯერეთ პოზიციები ჯერ კიდევ უმრავლესობის შიგნით, როდესაც მიიღებოდა ეს კანონი და შემდეგ უკვე – მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ბოლო შეხვედრაზე, რომელიც მედიაორგანიზაციებთან გასულ კვირაში გაიმართა, იქ შეჯერდა პოზიციები იმის თაობაზე, რომ ახალი სახით, როგორც არის წარმოდგენილი კანონპროექტში, უნდა შეიცვალოს შესყიდვების პროცედურა. შესაბამისად, აქ შეჯერებული ვართ ყველასთან – ეს არის ერთი საკითხი და რაც შეეხება რეკლამას, რეკლამასთან დაკავშირებით, ვთქვით, რომ იწვევს ეს ცვლილება, დაახლოებით, მილიონიდან ორ მილიონამდე ბიუჯეტის გაზრდას საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის, რაც არის მთლიანი ბაზრის 1-დან 2 %-მდე, რაც, ბუნებრივია, რყევებს ვერ გამოიწვევს და ვერც რაიმე არსებით ცვლილებებს მედია ბაზარზე – ეს ერთი. მეორე -სტიმულირებისთვის ესაჭიროება ეს საზოგადოებრივ მაუწყებელს იმისთვის, რომ გააუმჯობესოს საკუთარი პროდუქციის ხარისხი. ეს არის მეორე არგუმენტი. რეგიონულ ტელევიზიებს არ წაართმევს საზოგადოებრივი მაუწყებელი არაფერს და ძალიან დიდი ალბათობით, არ წაართმევს არაფერს არც სხვა კერძო მაუწყებლებს, გამომდინარე იქიდან, რომ მიწოდების ზრდა, როგორც წესი, პირდაპირპროპორციულად თუ არა, არსებითად იწვევს მოთხოვნის ზრდასაც. ეს არის კონკრეტული არგუმენტები. შესაბამისად, ჩვენ მიგვაჩნია, რომ არავითარ შემთხვევაში, არავითარი ფორმით არ დააზიანებს კერძო მაუწყებლების ინტერესებს ის კანონი, რომელიც, კიდევ ერთხელ იქნება მიღებული პარლამენტის მიერ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება შესყიდვებს, ამასთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ არსებობს მრავალი მექანიზმი, რომელიც შესყიდვების გამარტივების პირობებში კორუფციის პრევენციას მოახდენს.

ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მედიაპლურალიზმი ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარია 2012 წლის შემდეგ და ხელისუფლება არ დაუშვებს, მედიაბაზარს ზიანი მიადგეს.

„ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა 2012 წლის შემდეგ არის მედიაპლურალიზმი. სწორედ ამიტომ იყო მთელი პოლემიკა, იზრდება თუ არ იზრდება მედიაბაზარი. სწორედ იმიტომ გაიზარდა 25 მილიონით 2012 წლიდან 2016-მდე ბაზარი, რომ საქართველოში გაჩნდა მედიაპლურალიზმი. ანუ ის, რაც ჩვენ არ გვქონდა 2012 წლამდე. მედიაპლურალიზმი არის ჩვენი უმთავრესი მიღწევა და ამ მიღწევას ჩვენ ძალიან ვუფრთხილდებით. შესაბამისად, არ დავუშვებთ იმას, რომ რაიმე საკანონმდებლო ცვლილებით თუ სხვა ფორმით რაიმე შეეხოს უარყოფითი სახით მედიაბაზარს. ეს არის ჩვენი სულისკვეთება. აქედან გამომდინარე, თითოეული ნაბიჯი, რომელიც იდგმება ჩვენი მხრიდან, იდგმება სწორედ ამ სულისკვეთებით. ჩვენი მიზანია, გაძლიერდეს მედია, ზოგადად, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი, ისე კერძო მაუწყებლები და ამას უზრუნველყოფს თითოეული ის ნაბიჯი, პრაქტიკული თუ საკანონმდებლო, რომელიც იდგმება ჩვენი მხრიდან“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები