ხელოვნების სასახლეში ჩაის საკოლექციო გამოშვების – „გურიელი რუსთაველის ქვეყნიდან“ წარდგენა გაიმართება

23 თებერვალს, 19:30 საათზე, საქართველოს ხელოვნების სასახლეში გაიმართება, ხელოვნების სასახლესა და ჩაის ქართული ბრენდის „გურიელის“ ერთობლივი პროექტის – „გურიელი რუსთაველის ქვეყნიდან“ ჩაის საკოლექციო გამოშვების წარდგენა.
როგორც „კვირას“ ხელოვნების სასახლიდან აცნობეს, პროექტის მიზანად ისახავს 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს, როგორც მასპინძელი ქვეყნის, კულტურული მემკვიდრეობის და ჩაის საექსპორტო პოტენციალის წარმოდგენას.
საკოლექციო გამოშვება – „გურიელი რუსთაველის ქვეყნიდან“ მოიცავს ჩაის ცხრა სახეობას. მომხმარებლისათვის უკვე კარგად ნაცნობ ტრადიციულ შავ და ტრადიციულ მწვანე ჩაის, ერლ გრეის, აყვავებულ ჟასმინს, ალპურ კენკრას და ველურ პიტნას, დაემატა სამი ახალი სახეობა: მინდვრის გვირილა, თოვლის ვარდი და მესხური ჭინჭარი, რომელიც „გურიელის“ გამოცდილი სპეციალისტების მიერ შეიქმნა.
23 თებერვალს წარმოდგენილი იქნება საკოლექციო გამოშვების ქართული და ინგლისური ვერსიები, უშუალოდ წიგნის ფესტივალის დაწყებისათვის მათ დაემატება გერმანული ვერსია, რომლის გაფორმებაზეც მუშაობა ამჟამად მიმდინარეობს.
ქართული ვერსიის თითოეული სახეობის ჩაის შეფუთვა დამშვენებულია ისეთი ცნობილი მხატვრების ნამუშევრებით, როგორებიც არიან: პეტრე ოცხელი, ფიროსმანი, მიხაი ზიჩი, გიორგი ერისთავი, მიხეილ ჩიქოვანი, გრიგორი გაგარინი, ბორის იოჰანსენი. ერთ-ერთი სახეობა გაფორმდა ცნობილი კინორეჟისორის მიხეილ ჭიაურელის მიერ დახატული შოთა რუსთაველით. გამოყენებულია კვრის მონასტრის ცნობილი ფრესკა, რომელიც ხელოვნების სასახლის დირექტორის გიორგი კალანდიას მიერ არის გადაღებული.
ინგლისური ვერსია მთლიანად გაფორმდა მიხაი ზიჩის მიერ „ვეფხისტყაოსნისათვის“ შექმნილი ცნობილი რეპოროდუქციებით.
„ხელოვნების სასახლესა და ჩაის ქართული ბრენდის „გურიელის“ მიერ, მსგავსი სახის პროექტი პირველად ხორციელდება და ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციასთან, ქართული წარმოების საექსპორტო პოტენციალის მხარდაჭერასთან ერთად, პროექტის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ხელოვნების სასახლის, როგორც სახელმწიფო კულტურული ინსტიტუტის დახმარება. სწორედ ამიტომ, საკოლექციო გამოშვების „გურიელი რუსთაველის ქვეყნიდან“ ჩაის სახეობების რეალიზაციიდან შემოსული თანხის გარკვეული ნაწილი ხელოვნების სასახლეს ქველმოქმედების სახით ჩაერიცხება“, – აცხადებენ ხელოვნების სასახლეში.
მისამართი: თბილისი 0112, კარგარეთელის #6.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები