მე-17 სკოლის დაწყებითი კლასის პედაგოგის საკითხი დისციპლინარულ კომიტეტს გადაეცა- მოსწავლემ კლინიკა დატოვა

თბილისის მე-17 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის პედაგოგის საკითხი დღეს დისციპლინარულ კომიტეტს გადაეცა. კომიტეტმა უნდა იმსჯელოს, როგორ და რა ვითარებაში გადმოხტა მოსწავლე მეორე სართულიდან – ამის შესახებ „კვირას“ სკოლის დირექტორმა მარიამ ჭელიძემ განუცხადა.
მისივე თქმით, დისციპლინარული კომიტეტი პედაგოგის საკითხს უახლოეს დღეებში განიხილავს.
სწორედ ეს კომიტეტი გადაწყვეტს, პედაგოგს გაფრთხილება მიეცემა თუ სკოლას დატოვებს.
რაც შეეხება 6 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობას, რომელიც გუშინ იაშვილის ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოათავსეს, მან კლინიკა უკვე დატოვა.
„მას ვარდნის შედეგად დუნდულები ჰქონდა დაჟეჟილი. პაციენტი კლინიკიდან უკვე გაწერეს“ – აცხადებენ საავადმყოფოს პრესსამსახურში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ მე- 17 სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლე შენობის მე-2 სართულიდან გადმოხტა. თუმცა, ამ ფაქტის ირგვლივ, თავდაპირველად, ორი ვერსია გავრცელდა. ერთ-ერთი ვერსიით, მოსწავლე სკოლის პირველი სართულის საპირფარეშოში ჩაიკეტა და გადმოხტა. მეორე ვერსიით, კი დაწყებითი კლასის მოსწავლე შენობის მეორე სართულის საკლასო ოთახიდან გადმოხტა.
„კლასში 20 მოსწავლეა. მათი სასწავლო ოთახი მეორე სართულზეა. პედაგოგმა მუსიკის გაკვეთილზე გაიყვანა მოსწავლეები, ეს როგორც ჩანს, კლასში შემობრუნდა, რაღაცას ეძებდა, რომ მუსიკის გაკვეთილზე წაეღო და კარი ვერ გააღო. შეეშინდა და მეორე სართულიდან გადმოხტა. ამ ამბის შემდეგ, კლასში ავედით, მაგრამ მანდატურს კარი ღია დახვდა, როგორც ჩანს, ბავშვმა ვერ გააღო. როცა გავსინჯე, გარეგნულად არაფერი დაზიანება არ ჰქონდა მიღებული. სასწრაფო გამოვიძახეთ და ამჟამად ბავშვი კლინიკაშია მოთავსებული“, – აცხადებს სკოლის ექიმი ირმა კუპრაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები