„ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველის ნიკოლოზ ჩიქოვანის ინიციატივით, კიდევ ერთი სოციალური პროექტი განხორციელდა.
პროექტის ფარგლებში, „ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნისა“ და ჭიათურის მადნის გადამამუშავებელი კომბინატის მრავალშვილიანი თანამშრომლების შვილებმა, დაბა ბაკურიანში შთამბეჭდავი დღეები გაატარეს. მოზარდებმა სამთო-სათხილამურო სპორტის 10 დღიანი კურსი წარმატებით გაიარეს, რის შემდეგაც, შემაჯამებელი შეჯიბრი გაიმართა. გამარჯვებულებს სამახსოვრო სიგელები გადაეცათ. პროექტის დასასრულს, დამსვენებლებს „ფეროშენადნობთა ქარხნის“ დირექტორი ვასილ გველესიანი და კომპანიის თანამშრომლები ეწვივნენ. როგორც „კვირასთან “ საუბარში „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა აღნიშნა, ბავშვები სათხილამურო სპორტს საკმაოდ სწრაფად დაეუფლნენ. ნიკოლოზ ჩიქოვანის თქმით, „ჯორჯიან მანგანეზი“ მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს სხვადასხვა სახის სოციალური პროექტის განხორციელებას. „მოხარული ვარ, რომ ბავშვებს ხელი შევუწყეთ დასვენებაში და სამთო–სათხილამურო სპორტის უნარ–ჩვევების დაუფლებაში. როგორც შევიტყვეთ, ზოგიერთ მათგანს ბაკურიანში წასვლამდე, თხილამურით არასოდეს უსრიალია, ასე რომ, ეს მათთვის განსაკუთრებული სიახლე იყო. სასიამოვნოა, რომ თითოეული მათგანი ძალიან კმაყოფილია ბაკურიანში გატარებული დღეებით. ჩვენ მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ სხვადასხვა სახის სოციალურ კამპანიას“, –აღნიშნა ნიკოლოზ ჩიქოვანმა.
„ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის“ დირექტორის ვასილ გველესიანის თქმით, ბავშვებმა წარმატებით გაართვეს თავი დავალებებს და კმაყოფილები დარჩნენ მიღებული გამოცდილებით. „10–დან 14 წლამდე ასაკის დაახლოებით 50 ბავშვი ბაკურიანის ორ სპორტულ სკოლაში გადავანაწილეთ, სადაც მათ დაისვენეს, ივარჯიშეს და ახალი მეგობრებიც შეიძინეს. ჩემდა გასაოცრად, მიუხედავად არც თუ ისე ხანგრძლივი წვრთნისა, ისინი სათხილამურო სპორტის უნარ–ჩვევებს მარტივად დაეუფლნენ. მინდა ერთ სასიხარულო ფაქტს გავუსვა ხაზი – აღმოჩნდა, რომ ჩვენი კომპანიის ბევრი თანამშრომელი მრავალშვილიანია. მშობლებმა სიხარულით მიიღეს ჩვენი სურვილი – მათი შვილების ბაკურიანში დასვენებასთან დაკავშირებით“– განუცხადა „კვირას“ ვასილ გველესიანმა. ზესტაფონიდან ბაკურიანში ჩასული ბავშვები სპორტ-სკოლებმა „ელანებმა“ და „იოსკიმ“ მიიღეს.
როგორც მწვრთნელები ამბობენ, ბავშვებმა დამწყებთათვის განკუთვნილი კურსი გაიარეს და მას წარმატებით გაართვეს თავი. „ბავშვებმა დამწყებთათვის განკუთვნილი კურსი წარმატებით გაიარეს და ეს ფინალური შეჯიბრითაც დადასტურდა, გამარჯვებულებს სპეციალური სიგელები გადაეცათ“ –აღნიშნა ერთ–ერთმა მწვრთნელმა არჩილ იოსელიანმა. ფინალურ შეჯიბრში პირველი ადგილი ლუკა იაკობიძემ მოიპოვა. „ბაკურიანში ჩატარდა სამთო–სათხილამურო შეჯიბრი, ამ შეჯიბრში მე გავიმარჯვე და პირველი ადგილი მოვიპოვე, რამაც ძალიან გამახარა, ყველას მადლობას ვუხდი“– აღნიშნა ლუკა იაკობიძემ. მრავალშვილიანი ოჯახების შვილები ბაკურიანს პირველ თებერვალს ესტუმრნენ და იქ ათი დღე გაატარეს.