სოფელ ვარდისუბნის თეთრი გიორგის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

თელავისს მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის VI-VII საუკუნეების თეთრი გიორგის (დეკანოზური) ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. სტატუსი მან  საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის 2018 წლის 9 იანვრის ბრძანებით მიიღო.
თეთრი გიორგის ეკლესია (დეკანოზური) აშენებულია მე-6-7 სს. აღდგენილია მე-16 ს.
დეკანოზური კომპლექსი  მოიცავს:  წმ. გიორგის სახელობის სამეკლესიან ბაზილიკას; მცირე ეკლესიის ნანგრევს და გალავანს.
წმ. გიორგის ეკლესია (20×12.2 მ) სამეკლესიანი ბაზილიკაა. ნაგებია რიყის ქვით, კუთხეებში, კონქის სატრიუმფო თაღში და სარკმელში გამოყენებულია შირიმი. მოგვიანებით გადაკეთებისას ნახმარია აგური. გადახურული იყო ცისფრად მოჭიქული ბრტყელი და ღარიანი კრამიტით. ტაძარი განახლებულია მე-16 საუკუნეში. განახლებისას ნახმარია აგური. კამარა კედლებზე შეკიდულ აგურის ორ წყვილ თაღს ეყდნობოდა.
მთავარ ტაძარს სამივე მხრიდან გარშემოსავლელი აქვს მიშენებული, რომელსაც სამივე მხარეს, მთავარი ეკლესიის კარებთა პარალელურად, თითო შეისრული კარი აქვს, ხოლო ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ერთი თაღოვანი სარკმელი.
მთავარი ტაძრის სამხრეთი კედლის პირზე, ერთმანეთის პირისპირ ქართული ასომთავრულით შესრულებული ნაკაწრი წარწერებია. აღმოსავლეთის სარკმელს ჰქონია ნალისებური თაღების მწკრივით გაფორმებული შუბლი (ამჟამად ჩამონგრეულია).
ტაძრის ჩრდილო-აღმოსავლეთით მცირე სამლოცველოს ნანგრევია. ნატეხი ქვით ნაგები შენობისგან ამჟამად განირჩევა აბსიდის ნაწილი, რომელიც დარბაზისგან მხრით ყოფილა გამოყოფილი.
ეკლესიას გარშემოუყვებოდა ქვის ყორე-გალავანი, რომელიც ახლა მხოლოდ სამხრეთიდან და დასავლეთიდანაა შემორჩენილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები