გუგეშაშვილის მეგობარი: დოდო აპარატიდან მოხსნილია, თუმცა პალატაში გადაყვანამდე მისი დაკითხვა გამორიცხულია

დოდო გუგეშაშვილის მეგობარმა, სამსონ ბრეგვაძემ ღუდუშაურის კლინიკაში მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა, რომ გუგეშაშვილის მდგომარეობა ისევ მძიმეა და პალატაში გადაყვანამდე მისი დაკითხვა გამორიცხულია.
მან დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილზე თავდასხმის ვერსიებზე საუბრისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა მნიშვნელოვანი.
„ის ისევ მძიმედაა, აპარატიდან მოხსნილია, ყველა ვარიანტში გადარჩენილია, მაგრამ სანამ კარგად არ გამოაღვიძებენ და პალატაში არ გადაიყვანენ, დაკითხვა ვერ მოხდება. ჩვენთვის მთავარია დოდოს ჯანმრთელობა, ამ ეტაპზე ყველაზე მეტად გვაინტერესებს ეს და მერე ყველაფერი გაირკვევა“, – განაცხადა სამსონ ბრეგვაძემ.
არსებული ინფორმაციით, დოდო გუგეშაშვილი საავადმყოფოში დღეს უნდა დაკითხონ.
შეგახსენებთ, რომ შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკს დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს გრიგოლ გუგეშაშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან დიღმის მასივში, მათსავე საცხოვრებელ ბინაში 7 თებერვალს ესროლეს. შვილი ადგილზე გარდაიცვალა, დოდო გუგეშაშვილი კი მძიმე მდგომარეობაში ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე სსკ-ის 108-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები