შს მინისტრი: ევროპელ კოლეგებთან ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატებს გავაძლიერებთ

შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, მისი უწყება კომპეტენციის ფარგლებში, გააძლიერებს ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატებს ევროპელ კოლეგებთან, განსაკუთრებით, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კონტექსტში.
შესაბამისი განცხადება შს მინისტრმა პრემიერ-მინისტრთან საგანგებო თათბირის შემდეგ გააკეთა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ის მიღწევა, რომელიც საზოგადოებამ მოიპოვა, შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის სახით, უნდა იყოს შენარჩუნებული.
„ჩვენ ამ მიმართულებით გვაქვს კიდევ უფრო მეტი გეგმა. ვგეგმავთ ვიზიტებს იმ ქვეყნებში, სადაც ვაპირებთ ჩვენი პოლიციის ატაშეების ინსტიტუტების გაძლიერებას, მათი ეფექტურობის ამაღლებას და ასევე – იმ ქვეყნებში, სადაც დღეს პოლიციის ატაშეები არ გვყავს და სადაც პოლიციის ატაშეები უნდა გაჩდნენ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე საგანგებო თათბირი გამართა, რომელშიც ვიცე-პრემიერები, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური მონაწილეობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები