„ბადაგონის“ დამფუძნებელი: ეს აბსურდი არის იმისთვის, რომ თავი დავხარო და მივიდე ბეჟუაშვილთან

„ბადაგონის“ დამფუძნებელი გიორგი სალაყაია კომპანიაში ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას რუსეთის მოქალაქეს ვლადიმერ ჯანჯღავას და დავით ბეჟუაშვილს უკავშირებს.
როგორც გიორგი სალაყაიამ და მისმა ადვოკატმა ზაზა ხატიაშვილმა დღევანდელ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს, კომპანია „ბადაგონი“ გარკვეული პირებისთვის საინტერესო გახდა და ბრძოლის სხვადასხვა მეთოდს იყენებს.
“როდესაც „ბადაგონი“ გახდა ლიდერი კომპანია ქართული ღვინის ექსპორტში, 250 კომპანიას შორის ვართ პირველ ადგილზე. როდესაც კომპანია გახდა ისევ საინტერესო გარკვეული პირებისთვის, მათ უკვე დაიწყეს ბრძოლა იმ მეთოდებით, რომელიც მაგათ იციან და მაგათი ტვინი მეტს ვერ ფლობს. ეს არის პირადად რუსეთის მოქალაქე ვლადიმერ ჯანჯღავა, ძებნილი ამ ქვეყნის მიერ აფიორებზე, აფერისტობებზე, რომელსაც უნდა, რომ ვითომ, მისგან არ მოხდა გადაფორმება. ეს აბსურდი არის იმისთვის, რომ მე თავი დავხარო და მივიდე ბატონ ბეჟუაშვილთან. ეს არ მოხდება. ეს გახლავთ დავით ბეჟუაშვილი, რომელიც წარმატებულ პარლამენტარად თუ ბიზნესმენად ითვლება. ამ ადამიანმა 2006 წლიდან დაიწყო მოქმედებები “ბადაგონის” ხელში ჩასაგდებად. ყველას კარგად ახსოვს 2006 წლის მოვლენები, თუ რა გადავიტანეთ”, – განაცხადა   ”ბადაგონის” დამფუძნებელმა, გიორგი სალაყაიამ.
როგორც კომპანია „ბადაგონის“ ადვოკატმა, ზაზა ხატიაშვილმა აღნიშნა, ყველა სამართლებრივი მეთოდის გამოყენებით იბრძოლებენ.
„ჩვენ ვაპირებთ ყველა იმ ადამიანის, ვინც შემოვარდა, პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას. ვაპირებთ ბრძოლას ყველანაირი სამართლებრივი მეთოდებით “ – განაცხადა ადვოკატმა, ზაზა ხატიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში 2018 წლის 18 იანვარს შპს „ბადაგონის“ დიდი ოდენობით წილის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, გამოძიება დაიწყო.
გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო შპს ,,ბადაგონის“ ყოფილი მეწილის, კომპანია „გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედის“ წარმომადგენლის განცხადება.
„ბადაგონში“ ამ დროისათვის მუშაობა შეჩერებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები