გიორგი მარგველაშვილი: განათლება ქვეყნის თავისუფლების საფუძველია

საქართველოს პრეზიდენტმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის საიუბილეო თარიღის აღნიშვნაში მონაწილე დელეგაციებსა და ქართველ პროფესორ- მასწავლებლებს დღეს სასახლეში მიღებაზე უმასპინძლა და საერთაშორისო დელეგაციებს საქართველოში სტუმრობისათვის მადლობა გადაუხადა.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის საიუბილეო მიღებაზე, რომელიც წელს იუნესკოს (UNESCO) ეგიდით იმართება, მსოფლიოს 50-მდე ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტების და საერთაშორისო ორგანიზაციების დელეგაციები, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

საქართველოს პრეზიდენტმა სტუმრებს მიმართა. გიორგი მარგველაშვილმა ის პოლიტიკურ – საზოგადოებრივი პროცესები გაიხსენა, რომელიც საქართველოს პირველი უნივერსიტეტის დაფუძნებისას მიმდინარეობდა და რა როლს ასრულებდა თსუ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებისა და 70 წლიანი საბჭოთა ოკუპაციის პერიოდებში.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, სახელმწიფო უნივერსიტეტმა, როგორც ინსტიტუციამ უაღრესად დიდი როლი ითამაშა არა მხოლოდ ჩვენი ერის ინტელექტუალური განვითარების კუთხით, არამედ ჩვენი სახელმწიფოს არსებობის ურთულეს პერიოდში საზოგადოებრივი და პოლიტიკური პროცესების შექმნის მიმართულებით.

“უნივერსიტეტმა მისცა ჩვენს სამშობლოს ის ძალიან მნიშვნელოვანი ბურჯი, რომელმაც, შეიძლება ითქვას, მნიშვნელოვანწილად გაგვატანინა სამოცდაათწლიანი ოკუპაციის პერიოდი. ეს იყო პერიოდი, როდესაც ყოველგვარი ეროვნული იდენტობის გამოვლენა ასოცირდებოდა სისტემის წინააღმდეგ ბრძოლასთან. ყოველგვარი იდენტიფიკაცია შენი ეროვნულის, გამორჩეულის, იყო დაპირისპირებული ერთიანი საბჭოთა იდეოლოგიის კონტექსტში და ამ მომენტში სწორედ უნივერსიტეტი რჩება იმ ადგილად, იმ კერად, სადაც ჩვენი წინაპრები ქმნიან, აგროვებენ და საზოგადოებას გადასცემენ იმას, თუ ვინ ვართ და შესაბამისად რანი უნდა ვიყოთ მომავალში. ეს ხდებოდა სწორედ მეცნიერებისა და განათლების კერებში.

უნივერსიტეტი იყო ის კერა, სადაც ჩვენ არამხოლოდ ცოდნას ვეწაფებოდით და ვიღებდით, არამედ ვიგებდით ჩვენი იდენტობის შესახებ. შესაბამისად, სამოცდაათი წლის თავზე, როცა დაინგრა საბჭოთა იმპერია, ჩვენ მომზადებულნი ვიყავით, იმიტომ, რომ ვიცოდით ვინ ვართ, ვიცოდით, რომ ჩვენი მიზანი, ამ ქვეყნის მოქალაქეთა მიზანი, იმ ადამიანების მიზანი, ვინც ჩვენ თავს საქართველოსთან ვაიგივებდით.

ერი თავისუფალია, როდესაც იცის რა წარმოადგენს მის შინაგან კონსტიტუციას, მის შინაგან რწმენას, მის შინაგან არქიტექტურას. სწორედ უნივერსიტეტი გვაძლევდა ჩვენ იმის ცოდნას, როგორ უნდა გავაგრძელოთ გზა. ამ ცოდნას ჩემი თაობა იღებდა, იმ სამეცნიერო და შემოქმედებითი პროცესიდან, რომელსაც ჩვენ ჩვენი პროფესორები უნივერსიტეტის კედლებში და სამეცნიერო კვლევითი პროცესის შედეგად გვიზიარებდნენ.

განათლება თავისუფლების წინაპირობაა. ხოლო საქართველოს პოლიტიკური თავისუფლების წინაპირობა არის ის კერები, სადაც განათლება ინსტიტუციურად იქმნება და ვითარდება”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ – მასწავლებლებს საზოგადოებრივ- პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობისა და მონაწილეობისაკენ მოუწოდა.

“სამწუხაროდ, საზოგადოებრივ- პოლიტიკურ პროცესში, სულ უფრო ნაკლებად ვხედავთ, პროფესურის, ლექტორების, იმ ადამიანების აზრებს და შეხედულებებს ვისკენაც უნდა მივაპყროთ ხოლმე ყურადღება, როდესაც ვფიქრობთ: როგორ უნდა უნდა ვიცხოვროთ, რანაირად უნდა წარვმართოთ ჩვენი საზოგადოებრივ – პოლიტიკური ცხოვრება. წელს ჩვენ ვზეიმობთ საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავსაც და ვამბობთ, რომ ჩვენი ბრძოლა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებით უნდა დამთავრდეს, ყველაზე მეტად მოგაპყრობთ ყურადღებას პროფესორებს.

ქართული გამოცდილება არის ის, რასაც ჩვენ არ უნდა ვივიწყებდეთ. შარშან მთელი წელიწადი მიმდინარეობდა კონსტიტუციის განხილვა. მე არ მომისმენია, სამწუხაროდ, ერთი კომენტარიც კი იმის თაობაზე, როგორ წარმართეს ჩვენმა წინაპრებმა 1919-21 წლებში კონსტიტუციის განხილვის პროცესი. იმ კონსტიტუციის ისეთი პუნქტები, როგორიც არის მაგალითად ქალთა საყოველთაო საარჩევნო უფლება, პროგრესული იყო მაშინდელ ევროპაშიც კი. ჩვენ ბევრს ვლაპარაკობთ თვითმმართველობის შესახებ, მაგრამ მე არ გამიგია ისეთი კარგი, შინაარსიანი დისკუსია ამის თაობაზე, როგორ იყო ტრადიციულად ორგანიზებული და მოწყობილი ქართული თვითმმართველობა, რა ფორმით არსებობდა ქართული თემი და რა იქნება ბუნებრივი ყველაზე მეტად რომ თვითმმართველობის სახით მოვარგოთ ჩვენს მხარეებს, თუ რაიონებს, თუ სოფლებს.

ამ დისკუსიაში პატივცემულო ლექტორებო, და პროფესორებო და მეცნიერებო თქვენი ხმა აუცილებლად უნდა ისმოდეს. იმიტომ რომ ისიც იცოდეთ, რომ თუ თქვენ არ გამოხვალთ და არ მოყვებით  ვინ არის ქართველი, როგორი ტოლერანტული წარსული აქვს ქართველ ერს, თუ თქვენ არ გაახმოვანებთ იმას, რას წერდა ილია ჭავჭავაძე საქართველოზე-როგორი უნდა იყოს საქართველო, თუ თქვენ არ მოუყვებით ფართო საზოგადოებას როგორი მრვალეთნიკური და რელიგიური სახელმწიფო შექმნა ჩვენმა ყველაზე დიდმა მონარქმა დავით აღმაშენებელმა გამოჩნდებიან სხვები და მოუყვებიან საზოგადოებას სხვა სიმართლეს”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის სასახლეში სტუმრებს სიტყვით მიმართეს ასევე: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები