ვახტანგ შაქარიშვილი: მეტროსადგურ „ვარკეთილში“ დაზარალებულების რეაბილიტაციაზე სრულ პასუხისმგებლობას სახელმწიფო იღებს

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრები მეტროსადგურ “ვარკეთილში“ მომხდარი შემთხვევის შედეგად დაზარალებულ ორ მოქალაქეს შეხვდნენ. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ დავით უჯმაჯურიძემ, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილემ ვახტანგ შაქარიშვილმა და ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ბირბიჩაძემ დაზარალებულებს კუთვნილი უფასო სამედიცინო პროცედურების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და საკუთარი უფლებები კიდევ ერთხელ განუმარტეს. საკრებულოს წევრების განცხადებით, დაშავებულთა პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ხარჯები შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ დაფარა, ხოლო მომდევნო ხარჯებს დედაქალაქის მერია აანაზღაურებს.

როგორც საკრებულოს წევრებმა დაზარალებულებს განუმარტეს, მათ საჭიროების შემთხვევაში შესაბამის სამსახურს უნდა მიმართონ.

დაზარალებულების განცხადებით,  მათ პირველადი სამედიცინო დახმარება სრულიად უფასოდ აღმოუჩინეს, თუმცა  ამჟამად განმეორებითი სამედიცინო პროცედურები და რეაბილიტაცია სჭირდებათ.

როგორც საკრებულოს წევრმა ვახტანგ შაქარიშვილმა  განმარტა, დაზარალებულების მკურნალობასთან დაკავშირებით შექმნილი გაუგებრობა ნაკლები ინფორმირებულობის გამო მოხდა. მისივე თქმით, ახლა საუბარია მათ შემდგომ მკურნალობაზე და რეაბილიტაციის კურსზე, რაზეც სრულ პასუხისმგებლობას სახელმწიფო იღებს.

„დაზარალებულებს ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ.  მას შემდეგ, რაც ისინი სარეაბილიტაციო კურსის საჭიროებას დააფიქსირებენ, მათ შესაბამისი პროცედურები სრულიად უფასოდ ჩაუტარდებათ“, –  განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები