ლუკ კოფი: ნატო-ში გასაწევრიანებლად საქართველოს MAP-ი არ სჭირდება

საერთაშორისო პოლიტიკის მიმომხილველმა, ლუკ კოფიმ „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში საქართველო-ნატოს ურთიერთობის შესახებ ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, ბრიუსელის სამიტზე საქართველო MAP-ს ვერ მიიღებს, რადგან ალიანსის ზოგიერთი წევრი თავს კომფორტულად არ გრძნობს. მისივე თქმით, თუ ქართველებს ექნებათ MAP-ის მიღების მოლოდინი, ამას რუსეთი პროპაგანდისთვის გამოიყენებს.

ამასთან, როგორც კოფი მიიჩნევს, ნატო-ში გასაწევრიანებლად საქართველოს MAP-ი არ სჭირდება.

„მნიშვნელოვანია, საქართველოს ლიდერებმა დაიწყონ მოლოდინების მართვა. არც ერთ სხვა ასპირანტ ქვეყანას არ აქვს იმდენი ინიციატივა ნატო-სთან, რამდენიც საქართველოს. ქართველებმა უნდა გააცნობიერონ, რომ სწორ გზაზე არიან. ვფიქრობ, ქართველებმა მოთმინება უნდა გამოიჩინონ და ნატო-ს წევრობისთვის რამდენიმე წელიწადი მოთმენა ღირს. ამის პარალელურად შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა უნდა გააგრძელონ საქართველოს ალიანსში გასაწევრიანებლად მხარდაჭერა. ჩემი აზრით, არ იყო ჯანსაღი წევრობის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებული მოლოდინები. ახლა, ნატო-ს ყოველი სამიტის წინ, ქართველებს MAP-ის მოლოდინი აქვთ. ბევრი ქვეყანა ნატო-ს MAP-ის გარეშე შეუერთდა. სანამ MAP-ის საკითხი არსებობს, რუსეთს შეუძლია ის პროპაგანდისთვის გამოიყენოს. ბრიუსელის სამიტზე საქართველო MAP-ს ვერ მიიღებს, იმიტომ, რომ ალიანსის ზოგიერთი წევრი თავს კომფორტულად არ გრძნობს. თუ იქნება MAP-ის მიღების მოლოდინი, რაც ბრიუსელში არ მოხდება, მერე ამას რუსეთი პროპაგანდისთვის გამოიყენებს. ნატო-ში გაწევრიანებას MAP-ი არ სჭირდება. თქვენ MAP-ი არ გჭირდებათ“, – განაცხადა ლუკ კოფიმ.

ლუკ კოფი, ასევე, „ჰერიტიჯის ფონდის“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში მის მიერვე გამოთქმულ რეკომენდაციაზე საუბრობს, რომ საქართველო დაჩქარებულად გახდეს ნატო-ს წევრი და კოლექტიური თავდაცვის შესახებ მეხუთე მუხლი დროებით არ გავრცელდეს ოკუპირებულ რეგიონებზე. მისივე თქმით, ეს არ ნიშნავს ამ ტერიტორიებზე ხელის ჩაქნევას, მათზე უარის თქმას, უბრალოდ ნატო-ში შესასვლელად ყველაზე სწრაფი გზაა.

„ჩემი რეკომენდაციაა, ნატო-მ შეცვალოს მეექვსე მუხლი. მეექვსე მუხლი ხსნის იმას, თუ ვისზე ვრცელდება მეხუთე მუხლით გარანტირებული კოლექტიური თავდაცვა. ამის შემდეგ საქართველო, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით, შედის ნატო-ში და მხოლოდ ნატო-ს მეხუთე მუხლი არ შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს მანამ, სანამ კონფლიქტი და ოკუპაცია მშვიდობიანად არ მოგვარდება. ვფიქრობ, ეს პრაქტიკული, რეალისტური და პრაგმატული მიდგომაა, საქართველო დაჩქარებული წესით შევიდეს ნატო-ში. ეს რუსეთს გაუგზავნის ძლიერ მესიჯს, რომ მისი არალეგალური ოკუპაციებით ის ვერ შეაჩერებს საქართველოს სწრაფვას ნატო-სკენ. მინდა ქართველებმა იცოდნენ, რომ ეს არ ნიშნავს ამ ტერიტორიებზე ხელის ჩაქნევას, მათზე უარის თქმას. ეს არის ნატო-ში შესასვლელად ყველაზე სწრაფი გზა“, – განაცხადა ლუკ კოფიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები