არასამთავრობო ორგანიზაციები და საზოგადოების წარმომადგენლები „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ აუდიტის სამსახურის შესვლას ითხოვენ

არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა ექვსპუნქტიანი გეგმა შეიმუშავეს, რის მიხედვითაც ისინი „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ აუდიტის სამსახურის შესვლას ითხოვენ.
როგორც ჟურნალისტებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ თავმჯდომარემ ეკა გიგაურმა სასტუმრო „რუმსში“ განუცხადა, სადაც მესამე სექტორი მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საზოგადოების და მედიის წარმომადგენლებს შეხვდა.
ეკა გიგაურის თქმით, გეგმა, რომელიც დღევანდელ შეხვედრაზე შემუშავდა, საზოგადოებას უახლოეს მომავალში წარედგინება.
”ექვსპუნქტიანი გეგმა მიზნად ისახავს იმას, რომ ჩვენ უნდა დავიბრუნოთ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“. „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ არ არის ბორდის მაუწყებელი, არამედ ის არის საზოგადოების არხი. იგი პირველ რიგში საზოგადოებას უნდა ემსახურებოდეს. ამ მიზნისკენ ვიღწვით ჩვენ. ვფიქრობთ, რომ აუცილებელია რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ამ საკითხით უნდა დაინტერესდნენ მმართველი პარტია და პოლიტიკური თანამდებობის პირები, რადგან განცხადებები, რომ „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ მიმდინარე მოვლენები მათი პრობლემა არ არის, ეს სწორი არაა. ეს არის ასევე დანაშაული მმართველი პარტიის და შესაბამისად მათი ინტერესი უნდა იყოს, რომ ეს კითხვები არ დაისვას. ასევე, მეორე საკითხი არის სტრუქტურული და სხვა ტიპის რეფორმები, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ მართლაც საზოგადოებას ემსახურებოდეს. ჩვენ უახლოეს პერიოდში გამოვაქვეყნებთ განცხადებას, სადაც კონკრეტულად ვისაუბრებთ ამ 6 პუნქტზე. ასევე ვისაუბრებთ რატომ ვითხოვთ ამ პუნქტების შესრულებას და მერე გადავალთ კონკრეტულ ქმედებებზე. საკოორდინაციო საბჭოში შევლენ როგორც საზოგადოების წარმომადგენლები, ასევე მესამე სექტორი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად გავაფართოოთ ეს ჯგუფი. კომუნიკაცია ასევე გვექნება სხვა ჯგუფებთან. ჯგუფის შექმნა მიმართულია იმისკენ, რომ ჩვენ დავიბრუნოთ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ და მაუწყებელი არის საზოგადოების და არა რომელიმე კონკრეტული პარტიის ან ბორდის”, – განაცხადა გიგაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები