კახა კალაძე: არანაირი დათმობა არ იქნება, მითუმეტეს, როდესაც საქმე ეხება პატარებს (ფოტოკოლაჟი)

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვაშლიჯვარში მდებარე 33-ე ბაგა-ბაღი დაათვალიერა, რომლის მშენებლობაც 2017 წლის ოქტომბერში დასრულდა. ამის მიუხედავად, ბაღში გარკვეული დარღვევებია შენობის კედლები რამდენიმე ადგილას გაბზარულია და დაზიანებულია ჭერიც.
კალაძის თქმით, ამ მიმართულებით არანაირი დათმობა არ იქნება, მით უმეტეს, როცა საქმე პატარებსა და მშენებლობას ეხება.
„კონკრეტულად ამ მშენებლობასთან არის სერიოზული პრობლემები. ჩემს მოადგილეს დავავალე, დღესვე დაიბარონ კომპანია, ვინც სამუშაოები განახორციელა და მოსთხოვონ შესაბამისი პასუხი. შეუძლებელია,  თავი დავუხაროთ ასეთ მშენებლობებს და ასეთ ხარისხს, რაც სახეზე გვაქვს. მომდევნო წლების განმავლობაში ძალიან დიდი ყურადღება დაეთმობა ხარისხიან მშენებლობებს. მესმის, რომ თავიდან შეიძლება პრობლემები იყოს, მოგვიწევს ბრძოლა, მაგრამ გადავტეხავთ. არანაირი დათმობა არ იქნება ამ მიმართულებით, მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება პატარებს, საქმე ეხება მშენებლობას, ვიქნებით ძალიან უკომპრომისოები. ეს იქნება ყველა მიმართულებით, არა მხოლოდ საბავშვი ბაღის. გზებთან დაკავშირებით გვექნება ანალოგიური მოთხოვნა სარეაბილიტაციო სამუშაოებთან, მშენებლობებთან და აშ.“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერის თქმით, უნდა შეიცვალოს მიდგომები და კონკრეტული ზედამხედველობა განხორციელდეს როგორც პროექტის მომზადების პროცესში, ასევე მშენებლობის და მისი დასრულების შემდეგ.
მისივე განმარტებით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ხარისხს, როდესაც მოხდება კონკრეტული შენობა-ნაგებობების ექსპლუატაცია და მიღება-ჩაბარება.
თბილისის მერის განცხადებით, მშენებელ კომპანია “გიკოს” და საზედამხედველო კომპანიას მერიაში დღესვე დაიბარებენ.
მისივე თქმით, ნაგებობას ექსპერტიზა უახლოეს დღეებში ჩაუტარდება და გადაწყდება, გაგრძელდება თუ თუ არა შენობაში სასწავლო პროცესი რეაბილიტაციის ჩატარებამდე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები