მაია ფანჯიკიძე ავსტრიის რესპუბლიკის ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ვენაში ვიზიტის ფარგლებში ავსტრიის ფედერალური რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა მინისტრს სებასტიან კურცთს შეხვდა. შეხვედრის დროს მხარეებმა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი განიხილეს. ასევე საუბარი შეეხო საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას, რეგიონული უსაფრთხოების პრობლემატიკას და, კერძოდ, უკრაინის კრიზისს, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობასა და სხვადასხვა სფეროში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერისა და ეფექტიანი იმპლემენტაციის მნიშვნელობას, ასევე საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაჩქარებული ტემპით შემოღების შესაძლებლობას.
ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა თავისი ქვეყნის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მისწრაფებებისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოში ვიზიტით მოიწვია ავსტრიელი კოლეგა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვენაში იმყოფება, სადაც დაგეგმილია მისი მონაწილეობა და სიტყვით გამოსვლა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 124-ე სხდომაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები