პრაღაში დღეს აბაშიძე-კარასინის შეხვედრა გაიმართება

პრაღაში, დღეს ერთმანეთს რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი შეხვდებიან.
აღსანიშნავია, რომ ზურაბ აბაშიძე გრიგორი კარასინთან რამდენიმე საკითხის დაყენებას გეგმავს, მათ შორის საბაჟო მონიტორინგის შესახებ შეთანხმებაა, რომელიც საბაჟო კორიდორების ნეიტრალური მონიტორების მიერ გაკონტროლებას გულისხმობს და რომელზეც ქართულმა მხარემ გასული წლის დეკემბერში შვეიცარიულ კომპანიასთან უკვე გააფორმა კონტრაქტი, ახლა კი რუსეთის ჯერია.
„მოგეხსენებათ, 2011 წლის საბაჟო მონიტორინგისა და ადმინისტრირების თაობაზე შეთანხმების შესაბამისად, ქართულმა მხარემ გასული წლის დეკემბერში შვეიცარიულ კომპანიასთან გააფორმა კონტრაქტი, ახლა რუსეთის ჯერია, რუსეთმაც უნდა გააფორმოს ანალოგიური კონტრაქტი შვეიცარულ კომპანიასთან, ამის შემდეგ უნდა დაიწყოს ამ პროექტის იმპლემენტაცია. სამწუხაროდ, ბატონი კარასინის ინტერვიუში ამოვიკითხეთ ამ შეთანხმების ისეთი ინტერპრეტაცია, როგორიც პრინციპულად ეწინააღმდეგება 2011 წლის შეთანხმების დებულებებსა და არსს, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ამ პროექტის განხორციელებას, ასე რომ ჩვენ ამ თემაზე გვექნება საუბარი და შევეცდებით, დავაზუსტოთ პოზიციები“, – აცხადებს ზურაბ აბაშიძე.
მისი თქმით, რუსეთის მიდგომები ნათლად მიუთითებს, რომ ახლო პერსპექტივაში სერიოზულ და დადებით ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ.
შეგახსენებთ, რომ 25 იანვარს გრიგორი კარასინმა “კომერსანტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მოსკოვს საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენა სურს, მაგრამ არა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ინტერესების ხარჯზე.
ზურაბ აბაშიძე და გრიგორი კარასინი ერთმანეთს ბოლოს 16 ნოემბერს, პრაღაში შეხვდნენ. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ეკონომიკური, სატრანსპორტო და ჰუმანიტარული საკითხები განიხილეს. 2011 წელს გაფორმებული საბაჟო მონიტორინგის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის საკითხის გარდა, შეხვედრაზე საქარველოს პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა სოფელ ბერშუეთში საოკუპაციო ხაზის გადმოწევის საკითხიც დააყენა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები