გიორგი ჯოხარიძე: მერიას შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით შენიშვნა არ ჰქონია

მერიას მეტროსადგურ “ვარკეთილში”  შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით შენიშვნა არ ჰქონია, – ამის შესახებ კომპანია ”ყვარელრემმშენის” დირექტორმა გიორგი ჯოხარიძემ ჟურნალისტებს ისნის პოლიციის შენობიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა.

როგორც კომპანიის დირექტორმა აღნიშნა, მას შემდეგ, რაც კომპანიამ მეტროს სადგურ ”ვარკეთილში” სამუშაოები დაასრულა, ექსპერტიზა  ჩატარდა.

ჯოხარიძის თქმით, პასუხისმგებელ სუბიექტს გამოძიება დაადგენს.

„სამართალდამცველები დაინტრესედნენ, თუ როგორ შესრულდა სამუშაოები და ექსპერტიზა ჩაუტარდა თუ არა შესრულებულ სამუშაოებს. ექსპერტიზა ჩატარდა სრულყოფილად. არსებული კონსტრუქცია ჩამოიშალა და შემდეგ ჩამოიშალა ჩვენი გაკეთებული ჭერი. ის, რომ შეკიდული ჭერი იყო, ეს პრობლემას არ წარმოადგენდა და მერიას შესრულებულ სამუშაოსთან დაკავშირებით შენიშვნა არ ჰქონია”, – განაცხადა გიორგი ჯოხარიძემ.

კომპანიის დირექტორმა ისიც განმარტა, თუ რატომ იყო „ყვარელრემმშენი ”შავ სიაში” შეყვანილი.

”შავ სიაში იმიტომ ვიყავით, რომ ერთ-ერთ ობიექტზე საერთოდ არ გამოვცხადდით და ეს შესრულებული სამუშაოს ხარისხს არ ეხება”, – აღნიშნა გიორგი ჯოხარიძემ.

გიორგი ჯოხარიძის გამოკითხვა  ისნის პოლიციაში დაახლოებით 4 საათს გაგრძელდა.

მეტროსადგურ ვარკეთილში ჭერი 10:30 საათისთვის ჩამოინგრა. ბოლო ინფორმაციით, უბედური შემთხვევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა, ერთი სამართალდამცველია.

მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო-სამშენებლო სამუშაოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები