ირაკლი ზარქუა: ოპოზიციის მიერ დღეს გაკეთებული განცხადებები სამარცხვინოა

“ადამიანების ჯანმრთელობით, სიცოცხლით მანიპულირება და პოლიტიკური ქულების დაწერა ყოველგვარი ოპონირების საზღვრებს სცდება“, – ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს დეპუტატი ირაკლი ზარქუა ოპოზიციონერი კოლეგების მხრიდან მეტროსადგურ “ვარკეთილში” ჭერის ჩამონგრევის გამო გაკეთებულ განცხადებებს.

თბილისის საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე ირაკლი ზარქუამ ოპონენტების მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ  “ქართული ოცნება კლავს”  სამარცხვინო უწოდა.

„ჩვენ ბევრზე მეტად გვაწუხებს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების საკითხი, რადგან უპირველესად სწორედ ჩვენ ვართ პასუხისმგებლები მათ წინაშე. პოპულისტური პათეტიკა  დაზარალებული მოქალაქეების წინაშე უპასუხისმგებლობაა. თუ რომელია მკვლელი პარტია და ხელისუფლება ეს საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

მისივე თქმით, ყველას კარგად ახსოვს წინა ხელისუფლების მმართველობის დროს მომხდარი მსგავსი შემთხვევები სამშენებლო თუ სარეაბილიტაციო  ობიექტებზე. მაგალითად, იუსტიციის სახლის სახურავის ჩამონგრევა, ქუთაისში “დიდების მემორიალის” დემონტაჟი, რასაც მცირეწლოვანი გოგონას სიცოცხლეც კი შეეწირა.

როგორც ირაკლი ზარქუამ განაცხადა, ამგვარი შემთხვევების დროს თითის გაშვერა პრობლემის მოგვარების საუკეთესო გზა ნამდვილად არ არის და დღეს უმთავრესი, არა ურთიერთბრალდებები, არამედ  არსებული სურათის სწორად გააზრება, მსგავსი შემთხვევების პრევენციის გზების დასახვა და პრობლემის მოგვარებაზე ფიქრია.

„ჩვენ, თბილისის მერია, თბილისის საკრებულო, ცენტრალური ხელისუფლების შესაბამისი უწყებები,  ჩვენი პასუხისმგებლობის ფარგლებში მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა ერთხელ და სამუდამოდ მოვაწესრიგოთ, დავარეგულიროთ ეს სფერო და უმოკლეს დროში მივაღწიოთ ხელშესახებ შედეგებს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები