სამართალდამცავების მიერ 191-ე საჯარო სკოლის მე-11 კლასის 2 მოსწავლის გამოკითხვა დასრულდა

სამართალდამცავების მიერ 191-ე საჯარო სკოლის მე-11 კლასის 2 მოსწავლის გამოკითხვა დასრულდა.
გამოკითხვის შემდეგ, ორივე მოზარდი მშობლებთან ერთად, სახლში წავიდა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მოსწავლეების გამოკითხვა სკოლის მანდატურის მიერ ინციდენტის შესახებ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდა.
მათივე თქმით, მოსწავლეების გამოკითხვა მშობლებისა და მანდატურის თანხლებით მიმდინარეობდა.
191-ე საჯარო სკოლის ეზოში მომხდარი ჩხუბის შესახებ ინფორმაცია მედიაში ერთ-ერთმა სააგენტომ გაავრცელა.
აღნიშნულის გამო, „კვირა“ სკოლის დირექტორს თინათინ ბაქრაძეს დაუკავშირდა, რომელმაც კატეგორიულად უარყო სკოლის ეზოში მომხდარი ინციდენტი.
„სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ, როდესაც მოსწავლეები სახლში ბრუნდებოდნენ, სკოლის შენობიდან მოშორებით რამდენიმე მეტრში, ერთ -ერთ კორპუსთან, ჩემი სკოლის მე-11 კლასის ორ მოსწავლეს ვიღაცამ თავში წამოარტყა და შეკამათდნენ. მოხდა ინციდენტი. მოსწავლეები ამბობენ, რომ მას არ იცნობდნენ. ამ ინციდენტის შემსწრე ერთ-ერთმა მოქალაქემ სკოლაში მოირბინა და ინფორმაცია მანდატურს შეატყობინა. მანდატურმა მომხდარის შესახებ სკოლის ადმინისტრაციას და სამართალდამცავებსაც შეატყობინა. ჩვენ პრევენციის მიზნით, ვალდებულები ვართ ინფორმაცია სამართალდამცავებს შევატყობინოთ. გამოკითხვას მოსწავლეების მშობლებიც ესწრებოდნენ“, – აცხადებს „კვირასთან“ საუბრისას სკოლის დირექტორი თინათინ ბაქრაძე.
ამასთან, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინციდენტის შედეგად ერთ-ერთ მოსწავლეს თვალი დაუზიანდა. სკოლის დირექტორმა ეს ინფორმაციაც უარყო.
ამასთან, როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გავრცელებული ინფორმაცია, რომ ინციდენტის შედეგად ერთ-ერთ მოსწავლემ დაზიანება მიიღო, სიმართლეს არ შეესაბამება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები