მეტროში მომხდართან დაკავშირებით, კომპანიის დირექტორს და თანამშრომლებს კითხავენ
მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, შპს „ყვარელ რემმშენის“ დირექტორი და სამი თანამშრომელი დაკითხვაზე იმყოფება.
კომპანიის ხელმძღვანელს გიორგი ჯოხარიძეს მედიასთან კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.
არსებული ინფორმაციით, დაკითხვა ისნის რაიონული პოლიციის მე-8 განყოფილებაში მიმდინარეობს.
მეტროსადგურ „ვარკეთილში“ დღეს დილით ე.წ. შეკიდული ჭერი ჩამოვარდა, რის გამოც 14 ადამიანი დაშავდა.
მეტროსადგურ „ვარკეთილის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები სწორედ კომპანია „ყვარელ რემმშენმა“ შეასრულა, რომლის ჯამური ღირებულება 347 852 ლარს შეადგენს. სამუშაოები 2016 წელს დაიწყო და 2017 წლის აგვისტოში დასრულდა. განახლებული მეტროსადგური ექსპლუატაციაში სექტემბრიდან შევიდა.