“რუსთაველი ხალხურ ხელოვნებაში” – გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი და კულტურის სამინისტრო გამოფენას მართავენ

საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, მართავენ გამოფენას სახელწოდებით “რუსთაველი ხალხურ ხელოვნებაში”, რომელიც შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ თემატიკაზე შექმნილ ქართველ თვითნასწავლ შემოქმედთა ნამუშევრებს აერთიანებს.
გამოფენის მიზანია მუზეუმის ფონდებში დაცული ხელოვნების ნიმუშების წარმოჩენა, რომელთა უმრავლესობა 1937 და 1966 წლებში აღნიშნულ შოთა რუსთაველისა და მისი პოემის საიუბილეო თარიღთანაა დაკავშირებული. ექსპონატთა გარკვეული ნაწილი გამოფენისთვის სპეციალურადაა დაკვეთილი და შექმნილი.
„წარმოდგენილი პოეტის პორტრეტები თუ „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟები მასალისა და შესრულების ტექნიკიდან გამომდინარე მოიცავს ფერწერის, ჭედურობის, ნაქარგობის, ხალიჩების, ქვის ბარელიეფებისა და ხეზე კვეთის ნიმუშებს.
მასალის სხვადასსხვაგვარობა ექსპონატების მხატვრულ-ესთეტიური აღქმის თვალსაზრისით მის მრავალფეროვნებას განაპირობებს. პოეტის პორტრეტებისა და პერსონაჟთა გამოსახვა, უმეტესწილად განპირობებულია, უკვე არსებული, პროფესიონალ მხატვართა თუ მოქანდაკეთა მიერ შექმნილი დედნების იკონოგრაფიით.
გამოფენაზე წარმოდგენილი ექსპონატთა გარკვეული ნაწილი, თემატურად, შოთა რუსთაველისა და მეფე თამარის სახელსაც უკავშირდება, რაც ხალხურ წარმოდგენაში ამ არქეტიპების სიმყარეზე, პოპულარობასა და დიდ სიყვარულზე მეტყველებს“, –აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები