შსს ოჯახური ძალადობის მუხლით რეგისტრირებული დანაშაულის ზრდის მიზეზებს განმარტავს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2017 წელს რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა. როგორც დღევანდელი ბრიფინგიდან გახდა ცნობილი, შსს მიიჩნევს, რომ ოჯახში ძალადობის მუხლით რეგისტრირებული დანაშაულის ზრდა გამოწვეულია ძალადობის წინააღმდეგ მასობრივი კამპანიით.
უწყებაში ზრდის მეორე ფაქტორზეც ამახვილებენ ყურადღებას და აცხადებენ, რომ ადრე არსებული პრაქტიკისგან განსხვავებით, ძალადობის ფაქტებზე გამოცემული შემაკავებელი ორდერების პარალელურად, ახლა, უმეტეს შემთხვევაში, იწყება გამოძიება.
„ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული რეგისტრირებული დანაშაულის დიდი ნაწილი არის 126-პრიმა მუხლით გათვალისწინებული ქმედება (ოჯახში ძალადობა). ამ მუხლით რეგისტრირებული დანაშაულის ზრდა გამოწვეულია, ერთი მხრივ, ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ მასობრივი კამპანიით, რამაც გაზარდა სამართალდამცავი ორგანოებისადმი მიმართვიანობის მაჩვენებელი, მეორე მხრივ, იმის გამო, რომ ადრე არსებული პრაქტიკისგან განსხვავებით, ძალადობის ფაქტებზე გამოცემული შემაკავებელი ორდერების პარალელურად, უმეტეს შემთხვევაში, იწყება გამოძიება.
ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ნაწილი არის საქართველოს სსკ-ს 151-ე მუხლით (მუქარა), კერძოდ, 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული გაზრდილია 61.7%-ით. მუქარის ფაქტების მნიშვნელოვანი ნაწილი ოჯახური კონფლიქტის საფუძველზეა განხორციელებული. გაზრდილია როგორც დაზარალებულთა, ასევე, დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მქონე პირთა (ახლობლები, ნათესავები, მეზობლები) მხრიდან სამართალდამცავი ორგანოებისადმი მიმართვიანობის მაჩვენებელი. ამასთან, სამართალდამცავი სტრუქტურების შესაბამისი დანაყოფების მხრიდან, ოჯახური კონფლიქტის საფუძველზე მუქარის თითოეულ ფაქტზე მოსალოდნელი მძიმე შედეგების თავიდან აცილების მიზნით, დაუყოვნებლივ იწყება გამოძიება მაშინაც კი, როდესაც არ არის დანაშაულის შემადგენელი ყველა ნიშანი“,- აცხადებენ შსს-ში.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა ორი წლის შემდეგ, პირველად გამოაქვეყნა. როგორც დღევანდელი ბრიფინგიდან გახდა ცნობილი, 2017 წლის დანაშაულის სტატისტიკა შინაგან საქმეთა სამინისტრომ სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს მიაწოდა, რომელმაც აღნიშნული სტატისტიკა დღეს დილით საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები