საქართველოს პარლამენტი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მოსამზადებელ სამუშაოებში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს

საქართველოს პარლამენტი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროგრამის მოსამზადებელ და საორგანიზაციო სამუშაოებში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესა და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საორგანიზაციო კომიტეტს შორის გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა მსოფლიოსთვის საქართველოს გაცნობის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. თამარ ჩუგოშვილის თქმით, ყველას ამოცანაა, რომ ღონისძიებამ მაღალ დონეზე ჩაიაროს და ამ მიზნის მისაღწევად განსაკუთრებული როლი საქართველოს პარლამენტს ეკისრება.
„ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა, სადაც საქართველოს 2018 წლის ოქტომბერში განსაკუთრებული როლი აქვს, მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებაა. ეს არის ჩვენი ქვეყნის მსოფლიოსთვის წარმოჩენის ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა. ჩვენი, ყველას, საერთო ამოცანაა, რომ ამ ღონისძიებამ რაც შეიძლება, მაღალ დონეზე ჩაიაროს…
პარლამენტს თავისი მნიშვნელოვანი როლი ეკისრება ამ მიზნის მისაღწევად და, შესაბამისად, აქტიურად ვაპირებთ ამ პროცესში მონაწილეობას. გვინდა, წარმატება ვუსურვოთ ყველას. ამ ღონისძიებას ძალიან დიდი შრომა სჭირდება, თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ კითხვები არ არსებობდეს და ყველა მაქსიმალურად შეთანხმებულად მოქმედებდეს. ჩვენც ამისთვის ვართ მომართულნი“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები