მწერალთა სახლში „წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართება

1 თებერვალს, 18:30 საათზე, საქართველოს მწერალთა სახლში გაიმართება პროექტის – „წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე“ – დასკვნითი ღონისძიება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ღონისძიებაზე მოწვეული ავტორები: გელა ჩარკვიანი, ალეკო შუღლაძე და გიორგი კეკელიძე საჯაროდ წაიკითხავენ თავიანთ ნაწარმოებებს და წიგნიერების მნიშვნელობაზე ისაუბრებენ.
ღონისძიების დასკვნით საღამოზე უკვე მესამედ გამოვლინდება “წლის წიგნის ქომაგი”, რომელიც საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით დაწესდა და უკვე ტრადიციულ პრემიად იქცა.
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით საქართველოში 1 თებერვალს უკვე მესამედ აღინიშნება წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე.
წელს ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოში კიდევ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიებებით დატვრითული წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე იგეგმება.
„წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს“ ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ, ღონისძიებაში მონაწილეთა რაოდენობა კი 31 მილიონამდე აღწევს.
„საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცის მიზანია, საქართველო კიდევ ერთხელ შეუერთდეს ამ საერთაშორისო ინიციატივას და  მსოფლიოს ამ მასშტაბური ღონისძიების ნაწილი 
გახდეს, საქართველო და მისი ქალაქები მოხსენიებული იყოს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქების გვერდით. ჩაერთოს ბევრი ადამიანი და ვიკითხოთ წიგნი მსოფლიოსთან ერთად“, – აცხადებენ ორგანიზატორები.
ღონისძიების ოფიციალური პარტნიორია საერთაშორისო ორგანიზაცია Litworld, ხოლო  ფინანსური მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მერია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები