„გურამ შარაძემ შეგვყარა ის „ბაცილა“, რასაც ემიგრაციის სიყვარულის „ბაცილა“ ჰქვია“…

იმერეთის ულამაზეს ქალაქ ჭიათურაში დაიბადა. იქ დაამთავრა სკოლაც.  მე-20 საუკუნის 70-ანი წლების ბოლოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. მაშინდელი  ეროვნული მუხტი და სულისკვეთება მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვა…  ახსოვს ეროვნული მოძრაობის აღმავლობის წლები, 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია… ამ ყველაფერში ჩართული იყო, როგორც რიგითი ქართველი მებრძოლი. გასახსენებელიც ბევრი აქვს. ამბობს, რომ 1994 წლამდე და ქართული ემიგრაციის მუზეუმის დაარსებამდე, მან და მისმა კოლეგებმა ბატონ გურამ შარაძესთან ერთად მთელი ცხოვრება განვლეს…
ერთხანს, უნივერსიტეტის პარალელურად, მუსიკალურ ტექნიკუმში ჩაბარებასაც კი ფიქრობდა… 1980-ან წლებში მამადავითზე ეკლესიაში გალობდა. ამ პერიოდს მის ცხოვრებაში უბედნიერეს ხანად მიიჩნევს.
ამჯერად მუზეუმი ამზადებს რამდენიმე გამოფენას, რომლებიც მიეძღვნება პირველი ქართული უნივერსიტეტისა და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების საიუბილეო 100 წლისთავს. და კიდევ, ძალიან უნდა, რომ  უნივერსიტეტის საიუბილეო დღეებში მაინც გადაწყდეს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი – ქართული ემიგრაციის მუზეუმს გურამ შარაძის სახელი მიენიჭოს.  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ემიგრაციის მუზეუმის ხელმძღვანელის, ფილოლოგ რუსუდან კობახიძის პერსონა.

 – დავიბადე დიდი ხნის წინათ, მე-20 საუკუნეში, იმერეთის კოლორიტულ ქალაქ ჭიათურაში, ერთ მშვენიერ ტრადიციულ ქართულ ოჯახში. დედა – ვალიდა გოდაბრელიძე პედაგოგი იყო, მამა – ვანო (ივანე) კობახიძე სამთო ინჟინერი. ვიყავით სამი და-ძმა და ვიზრდებოდით სიყვარულით სავსე გარემოში.  მაგრამ ყველა კარგ მოგონებას ფარავს ერთი დიდი ტრაგედია, რომელიც ჩვენს ოჯახს დაატყდა თავს – 1962 წელს გარდაგვეცვალა უმცროსი ძმა ზურიკო. ეს ჩემს ცნობიერებაში სამუდამოდ აღიბეჭდა და მთელი ცხოვრება თან მომყვება ტკივილად.
პირველი შვილი ვარ და შეიძლება ითქვას, რომ დაბადებიდან წლების მანძილზე ჩემი ცხოვრების თითქმის ყოველი დღეა აღბეჭდილი ფოტოსურათებში. მამა ფოტოგრაფიით იყო გატაცებული, თავადვე ბეჭდავდა. მე და ჩემი ძმა თეიმურაზი ვცდილობდით, შევსულიყავით იმ უცნაურ ოთახში, საიდანაც წითელი შუქი გამოდიოდა, მაგრამ იქ შესვლა აკრძალული გვქონდა. მამას წყალობით ჩვენი ბავშვობა ფოტოებშია შემონახული. დედა,  იმის გარდა, რომ მუდმივად გვასწავლიდა, აკონტროლებდა ჩვენს მეტყველებას, გვიამბობდა ზღაპრებს და საინტერესო ისტორიებს მისი ნათესავების – საჩხერელი წერეთლების, აბაშიძეების შესახებ, რომლებიც ხშირად სტუმრობდნენ ჩემი ბაბუის, იასონ გოდაბრელიძის დიდ ოჯახს, გვასწავლიდა ზნეობრივი ნორმების დაცვას. მაგალითად, აკრძალული გვქონდა დედასთვის ენის მიტანა, სტუმრად ყოფნისას მასპინძლის ოჯახში რაიმე ნივთისთვის შეხებაც კი და ა.შ. იმის მიუხედავად, რომ მას დიდი ტრაგედია ჰქონდა, ყოველმხრივ ცდილობდა, ლაღი ბავშვობა გვქონოდა. მშობლების დიდ სიყვარულს ემატებოდა ჩვენი ბებიებისა და ბაბუების სითბო და სიყვარული.

ძმები – თემური და ზურაბი

– სკოლა ჭიათურაში დაამთავრეთ…
– სკოლის პერიოდიდან განსაკუთრებული სკოლაში ჩემი შესვლა იყო… ჯერ კიდევ ექვსი წლის ვიყავი, როდესაც დედას ავედევნე და კატეგორიულად მოვითხოვე სკოლაში შეყვანა. იმის მიუხედავად, რომ დედა პედაგოგი იყო, უფლება არ ჰქონდათ, შვიდ წლამდე ასაკის ბავშვი სკოლაში მიეღოთ. ორი მეოთხედი გაკვეთილებზე სკოლაში ჩაურიცხავად დავდიოდი. ჩემი სკოლის პირველი მასწავლებელი დედა იყო. 12 იანვარს შვიდი წელი შემისრულდა და, როგორც დედას მონათხრობით ვიცი, სკოლის დირექტორმა ბატონმა პავლე სამყურაშვილმა თურმე გამოცდა მომიწყო, და როდესაც დარწმუნდა, რომ შეიძლებოდა ჩემი ჩარიცხვა მოსწავლეთა სიაში, იანვრის არდადეგების შემდეგ გავხდი ჭიათურის პირველი საშუალო სკოლის სრულფასოვანი მოსწავლე.
არაჩვეულებრივი პედაგოგები გვყავდა. ჩემს მეხსიერებაში პანორამასავით იშლება მათი პორტრეტები, მათ მიმართ ყოველთვის მოკრძალებული დამოკიდებულება მქონდა.

დედა

განსაკუთრებით მახსოვს მაღალ კლასებში სწავლის პერიოდი. მუსიკალური შვიდწლედი დავამთავრე და სკოლის სიმღერის მასწავლებელმა, ქალბატონმა მანანა სულაბერიძემ მოსწავლეთა შემოწმების დროს „აღმომაჩინა”, სკოლის გუნდში ჩამრიცხა. თავიდან წინააღმდეგობას ვუწევდი და მიკვირდა, რომ ძალიან მიქებდა ხმას და სმენას, ვასრულებდი სოლო სიმღერებს, ვმღეროდი დუეტში, კვარტეტში, გასტროლებზეც ვიყავით რამდენჯერმე თბილისში მოსწავლეთა ოლიმპიადებზე. მოკლედ, სცენის მტვერი ჩავისუნთქე და შეიძლება ითქვას, სკოლის დამთავრებამდე სცენიდან არ ჩამოვსულვარ. არაჩვეულებრივი კლასი გვქონდა და დღემდე დიდი ურთიერთობა მაქვს ჩემი სკოლის მეგობრებთან.

– თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრეთ… სტუდენტობას როგორ გაიხსენებთ. ვინ დატოვა კვალი თქვენს ცხოვრებაში?
– 1974 წელს გავხდი ჩემი საოცნებო თეთრი ტაძრის – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი. დედას ძალიან უნდოდა, ექიმი ვყოფილიყავი, მაგრამ მე ფილოლოგობა ვარჩიე. ასევე უნდოდა, პედაგოგი გავმხდარიყავი, მაგრამ არც ეს სურვილი

მამა

შევუსრულე, სამწუხაროდ.
სხვათა შორის, ამასვე მირჩევდა ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორი, ბატონი ლევან კიკნაძე, რომელიც პრაქტიკის ხელმძღვანელი იყო და ჩემ მიერ ჩატარებული გაკვეთილის შემდეგ მკითხა, პედაგოგობას თუ აპირებთო. როდესაც უარყოფითი პასუხი გავეცი, მითხრა, ეს დანაშაული იქნება, თქვენ პედაგოგად ხართ დაბადებულიო. რა ვიცი, იქნებ მართლაც შეცდომა დავუშვი, რომ პედაგოგობაზე უარი ვთქვი?! თუმცა, ქართული ემიგრაციის მუზეუმში თითქმის ყოველდღე ვარ პედაგოგის როლში.
სტუდენტობის პერიოდი მნიშვნელოვან პროცესებს დაემთხვა. სამოცდაათიანი წლების ბოლოს იცით, როგორი ეროვნული მუხტი ტრიალებდა საქართველოში. ცნობილი გამოსვლები ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის დასაცავად, დისიდენტური მოძრაობის აღმავლობა.  იმის გარდა, რომ უნივერსიტეტში ჩქეფდა სიცოცხლე, მყავდა შესანიშნავი ლექტორები, ხშირად დავდიოდით ექსკურსიებზე, ხან მარტო ბავშვები, ზოგჯერ გვახლდნენ ჩვენი პედაგოგები და უფრო ხშირად კი – ქალბატონი გვანცა კოპლატაძე. ეს ყველაფერი ერთობლიობაში გვაყალიბებდა როგორც პროფესიონალებს და როგორც ეროვნული სულისკვეთებით აღვსილ ადამიანებს.

უნივერსიტეტის მეგობრებთან – მეორე რიგში მარცხნიდან მეორე

განსაკუთრებით მახსენდება ჩვენი ექსკურსია ზედაზნის მონასტერში. ქალბატონ გვანცასთან და რამდენიმე ჯგუფელთან ერთად განვმარტოვდით ერთ-ერთ კელიაში და ვგალობდით. საერთოდ, სიმღერა ძალიან მაახლოვებს ადამიანებთან. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც პარტნიორს სიმღერაში აქვს იმპროვიზაციის უნარი. ამ განცხრომაში ვართ და ერთ-ერთი ჩვენი ჯგუფელი შემოვარდა აღფრთოვანებული, ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა მოვიდნენო… გიჟებივით გამოვცვივდით კელიიდან და რას ვხედავთ?! ბატონი ზვიადი დგას ზედაზნის ეზოში და გასცქერის სივრცეს. იქვე დგას ბატონი მერაბ კოსტავა და კიდევ რამდენიმე ადამიანი. ვდგავართ და შევცქერით ამ ორ ბუმბერაზ ქართველს. დავაყარეთ კითხვები ბატონ ზვიადს, ბატონ მერაბს. მე ხშირად ვუსმენდი რადიო „ამერიკის ხმას” და ვიცოდი, რომ კოლხურ კოშკში შინაური ცხოველები და ფრინველები მოუწამლეს დიდოსტატ კონსტანტინეს, ესეც ვკითხე ბატონ ზვიადს. შემდეგ ზვიადმა მერაბს უთხრა, რა კარგი ბავშვები არიანო. ბატონმა მერაბმა გაგვაცნო მათი სტუმარი, ცნობილი დისიდენტი ანდრეი ამალრიკი მეუღლესთან ერთად. ისინი საბჭოთა კავშირიდან განდევნილნი იყვნენ და დროებით ზვიადმა და მერაბმა შეიფარეს. ავტოგრაფებიც ჩამოვართვით ზვიადს, მერაბს, ამალრიკს, მის მეუღლეს და დღემდე სათუთად ვინახავ.
რას წარმოვიდგენდი, რომ წლების შემდეგ ბატონი ზვიადის ავტოგრაფებს, მის სულიერ სამყაროს შევხვდებოდი.

თსუ ქართული ემიგრაციის მუზეუმი.  გურამ შარაძის მკვლელობიდან მე-40 დღისადმი მიძღვნილი გამოფენა. 2007 წელი

– ქართული ემიგრაციის მუზეუმის დირექტორი ხართ, რომელიც 1994 წელს დაარსდა, გაიხსენეთ ის დღე და თქვენი ემოცია…
– 1994 წლამდე და ქართული ემიგრაციის მუზეუმის დაარსებამდე, მე და ჩემმა კოლეგებმა ბატონ გურამ შარაძესთან ერთად მთელი ცხოვრება განვვლეთ. 1980-იანი წლების ბოლო, ეროვნული მოძრაობის აღმავლობა, 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია… ამ ყველაფერში ვიყავი ჩართული, როგორც რიგითი ქართველი მებრძოლი. არასოდეს არცერთი პოლიტიკური პარტიის წევრი არ ვყოფილვარ, მაგრამ მთელი არსებით ვიდექი ეროვნული მოძრაობის გვერდით.
1990 წელს ქალბატონი ნინო ხოფერიას შუამდგომლობით მუშაობა დავიწყე გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმში. იმხანად ლიტერატურის მუზეუმს  ქალბატონი იზა ორჯონიკიძე ხელმძღვანელობდა, რომელმაც სრულიად უანგაროდ მიმიღო ამ ქართულ სავანეში, თუმცა მოგვიანებით საქართველოში დატრიალებული ტრაგედიის გამო ჩვენი გზები სამუდამოდ გაიყო. 1991 წლის შემოდგომაზე ეროვნულმა ხელისფლებამ ლიტერატურის მუზეუმის დირექტორად დანიშნა ბატონი გურამ შარაძე. სულ რაღაც ორ თვეში საქართველოში დაიწყო დამანგრეველი პროცესები. ბატონმა გურამმა და მე, ფაქტობრივად, ბრძოლის ველზე გავიცანით ერთმანეთი. 22 დეკემბრიდან, „პუტჩის“ დაწყების დღიდან, ლიტერატურის მუზეუმის თანამშრომლები ბატონი გურამის ხელმძღვანელობით რამდენჯერმე შევედით მუზეუმში. მოგეხსენებათ, სისხლიანი დაპირისპირების ეპიცენტრი რუსთაველის გამზირი იყო. ტყვიას ესროდნენ არა მარტო ეროვნული მთავრობის სასახლეს, საქართველოს პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას, რომელმაც ჩვენს სამშობლოს დამოუკიდებლობა აღუდგინა, ტყვიას ესროდნენ პირველ საშუალო სკოლას, მხატვრის სახლს და ახლომახლო მდებარე ყველა კულტურულ კერას, მათ შორის, ლიტერატურის მუზეუმს.

ჰარვარდ-ლევილის არქივების გადაცემა საქართველოს ეროვნული არქივისათვის

დეკემბრის ბოლოს სასტუმრო „ივერიის” მხრიდან ვცადეთ ლიტერატურის მუზეუმთან მიახლოება. ბატონი გურამი და მასთან ერთად თხუთმეტამდე ქალი მივემართებოდით მუზეუმის გადასარჩენად. ნიღბოსნებმა შეგვაჩერეს, ვის მხარეს ხართო, დაგვისვეს კითხვა. ბატონმა გურამმა უპასუხა: „ჩვენ ილიას, ვაჟას, აკაკის, გალაკტიონის მხარეს ვართ და ლიტერატურის მუზეუმში მივდივართო”. ჯერ ვერ მიხვდა ნიღბოსანი, შემდეგ გაბრაზდა და გვითხრა, მიბრძანდითო. როგორც იქნა, მივაღწიეთ მუზეუმამდე, შედევით შენობაში და კოკისპირული წვიმასავით დააყარეს ტყვიები მუზეუმს… საბედნიეროდ, მუზეუმის ფონდები დაცული იყო, სასწრაფოდ ჩავიტანეთ მნიშვნელოვანი ექსპონატები საცავში, ჩვენი სამუშაო ოთახები გაძარცვული იყო, პირადი ნივთები წაუღიათ, კიდევ კარგი, წიგნებით არ დაინტერესებულან. ჩემს ბიბლიოთეკაში დღესაც დაცულია აკაკი შანიძის დაცხრილული „ქართული ენის გრამატიკა”, რომელიც იმ ხანად მუზეუმში მქონდა ჩემს სამუშაო მაგიდაზე. საბედნიეროდ, ბატონმა გურამმა მაშინ გადაარჩინა ქართული ლიტერატურის მუზეუმი. იგი შევიდა „პუტჩის“ ლიდერებთან და კატეგორიულად მოითხოვა მათგან მუზეუმის დაცვა. მათ თავისი პირობები წაუყენეს, რომ ფეხი აღარ შეგვედგა მუზეუმში, თორემ პასუხისმგებლობას მოიხსნიდნენ შედეგებზე. იძულებულნი ვიყავით, ეს მოთხოვნა შეგვესრულებინა. მუზეუმი გადარჩა!
შემდეგ ამ პროცესებს მოჰყვა ეროვნული ხელისუფლების განდევნა საქართველოდან და ორიოდ თვეში, 1992 წლის 15 მარტს ჩვენი ქვეყნის დაუძინებელმა მტრებმა ცეცხლს მისცეს კოლხური კოშკი. იმ დღიდან ბატონი გურამ შარაძის და ჩემი გზები აღარ გაყოფილა. კოლხურ კოშკში დაცული დიდოსტატის უძვირფასესი არქივი, უნიკალური, რარიტეტული წიგნები, მემორიალური ნივთები… საქართველოს პირველი პრეზიდენტის წიგნები, პირადი არქივი და ეროვნული მოძრაობის არქივი, ამ დიდი ოჯახის სხვა წევრთა მემორიალური ნივთები, ყველაფერი ის, რაც ძარცვას, ცეცხლსა და წყალს გადაურჩა, ახლა ჩვენ უნდა გადაგვერჩინა. დაგვეკისრა უზარმაზარი პასუხისმგებლობა. ეს იყო ურთულესი დღეები პირადად ჩემს ცხოვრებაში და, მით უმეტეს, ბატონი გურამის ცხოვრებაში, ის გახლდათ კოლხური კოშკის დაცვის კომისიის თავმჯდომარე. სიმართლე გითხრათ, მიჭირს ამ ყველაფერზე დეტალურად საუბარი.

შეხვედრა ქართული ემიგრაციის წარმომადგენლებთან – გივი ზალდასტანიშვილთან, მამია ბერიშვილთან, კარლო ინასარიძესთან, ქრისტეფორე კირკიტაძესთან და ოთარ ზალდასტანიშვილის ქალიშვილთან.

1994 წლის შემოდგომა შედარებით ნათელი აღმოჩნდა ჩემთვის. საქართველოში გაიმართა ყოველთა ქართველთა პირველი ფორუმი, რომელზეც მოწვეულნი იყვნენ ქართველი პოლიტიკური ემიგრანტების შთამომავლები და ემიგრაციის მეორე ტალღის წარმომადგენლები.  სწორედ ამ ღონისძიებათა ფარგლებში დააარსა ბატონმა გურამ შარაძემ ქართული ემიგრაციის მუზეუმი. მუზეუმის გახსნას წინ უძღოდა რამდენიმედღიანი თავდაუზოგავი მუშაობა.
ბატონმა გურამმა საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან გადმოიტანა თავისი კერძო კოლექცია, რომელსაც ის 1981 წლიდან აგროვებდა, რის საფუძველზეც მან გამოსცა მრავალი წიგნი და მათ შორის, ერთ-ერთი ფუნდამენტური სამტომეული – „უცხოეთის ცის ქვეშ“. სამ დღეში ბატონი გურამის ხელმძღვანელობით მე და ჩემმა კოლეგებმა ავაწყვეთ ექსპოზიცია, რომელიც დღემდე თითქმის უცვლელად შევინარჩუნეთ.
რასაკვირველია, ყოველი წიგნი, ფოტო, ხელნაწერი, ყველა ექსპონატი ბატონი გურამის უშუალო კარნახითა და მითითებით თავსდებოდა სტენდებში. ამას მოჰყვა ქართველ ემიგრანტთა სტუმრობა მუზეუმში. ეს იყო ამაღლებული, ცრემლიანი, სიყვარულით და სიხარულით სავსე წუთები, საათები, დღეები საქართველოში და ჩვენს მუზეუმში. ჩემთთვის არანაკლებ ემოციით სავსე იყო ის სამუშაო პროცესი, რომლის დროსაც ბატონმა გურამმა გვაზიარა ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ცხოვრებას, მოღვაწეობას და რაც მთავარია, შეგვყარა ის „ბაცილა“, რომელიც თავად 1981 წელს შეეყარა ლონდონში აკაკი რამიშვილთან სტუმრობისას და რასაც ემიგრაციის სიყვარულის „ბაცილა“ ჰქვია.

ძველი ქართული ემიგრაციის წარმომადგენელთან, ოთარ პატარიძესთან ერთდ

როგორც თქვენთვის ცნობილია, 1996-1998 წლებში ბატონმა გურამმა ლევილიდან და ჰარვარდიდან ჩამოიტანა ქართული სამთავრობო არქივები და ამ საქმეშიც ჩვენი ჯგუფი ჩართო. მაშინ დროებით პარლამენტში გადაგვიყვანა, რათა იქ მოთავსებული ჰარვარდ-ლევილის არქივები დაგვემუშავებინა. ეს საქმეც, ვფიქრობ, პირნათლად შევასრულეთ.
– მუზეუმი გურამ  შარაძის სახელობისაა და ბატონმა გურამმა დიდი ამაგი დასდო ამ საქმეს.  მასალა, რომელიც ემიგრაციის მუზეუმშია დაცულიქართული ემიგრაციის მთელი ისტორიააუცხოეთში გადახვეწილი ჩვენი თანამემამულეების ბიოგრაფიები, მათი მოღვაწეობის ამსახველი ფაქტები, არქივები, წიგნები, უნიკალური ეპისტოლური მემკვიდრეობა... როგორ გაიხსენებთ გურამ შარაძეს?
–  თქვენ ბრძანეთ, მუზეუმი გურამ შარაძის სახელობისააო. ვაი, რომ ასე არ არის! ბატონი გურამის მკვლელობის შემდეგ ჩვენ არაერთხელ მივმართეთ უნივერსიტეტის ყველა ხელმძღვანელობას, მაგრამ დღემდე ეს საკითხი არ გადაწყდა. რატომ?! ესეც არ ვიცით! ოფიციალური პასუხი არ გვაქვს. პირველი ქართული უნივერსიტეტის დაარსებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ვაპირებთ განცხადებით მივმართოთ ჩვენი უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას. იმედს არ ვკარგავთ, რომ ამ საიუბილეო დღეებში მაინც გადაწყდება ეს საკითხი – ქართული ემიგრაციის მუზეუმისათვის გურამ შარაძის სახელის მინიჭება.
ბატონ გურამზე ბევრი მაქვს სათქმელი და გასახსენებელი.
უპირველეს ყოვლისა, მსურს გავიხსენო, როგორ და როდის დაუკავშირდა ბატონი გურამ შარაძე ქართულ პოლიტიკურ ემიგრაციას. 1981 წელს ბატონი გურამი სამეცნიერო მოვლინებით გაემგზავრა დიდ ბრიტანეთში, რათა შეესწავლა და ილიას საიუბილეო მრავალტომეულში გამოსაქვეყნებლად მოემზადებინა მარჯორი და ოლივერ უორდროპების არქივში დაცული ილია ჭავჭავაძისა და ოლღა გურამიშვილის უცნობი ნაწერები.  ცნობა ამის თაობაზე გამოაქვეყნა ინგლისელმა ქართველოლოგმა დევიდ ბარეტმა უორდროპების არქივის კატალოგში. ერთ მშვენიერ დღეს გურამ შარაძე მიიწვიეს დევიდ ბარეტის საიუბილეო საღამოზე ოქსფორდის უნივერსიტეტის კარის ეკლესიაში. სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ბატონ გურამს გაეცნო ნოე რამიშვილის ვაჟი აკაკი რამიშვილი და მისი მეუღლე მაიკო კვალიაშვილი, მიხეილ კვალიაშვილის ქალიშვილი. სწორედ აკაკი რამიშვილმა აზიარა ბატონი გურამი მისთვის სრულიად უცნობ სამყაროს – ქართულ ემიგრანტულ კულტურას. მოგვიანებით, წიგნში „ერის ისტორიული მეხსიერების დაბრუნება” ბატონი გურამი წერდა: „…აი, ასე შემეყარა ქართული ემიგრანტული კულტურისა და ისტორიის „ბაცილა“, და ისიც სიმბოლურია, რომ ამ გზაზე მე ილია ჭავჭავაძის წმინდა სულმა და დიდმა ნათელმა დამაყენა”.

ალექსანდრე ქართველიშვილისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე

1981 წლიდან ბატონ გურამს საქართველოში ჩამოჰქონდა უნიკალური ბეჭდური, ხელნაწერი, ფოტო, აუდიომასალა, ფაქტობრივად, არალეგალური ლიტერატურა და ეს თავისთავად გარკვეულ რისკთანაც იყო დაკავშირებული. გადმოჰქონდა ცოტ-ცოტა, ზოგჯერ უცხოეთში აკრედიტებული ჟურნალისტების დახმარებით და ამ ყველაფერს 13 წლის მანძილზე თავის საცხოვრებელ სახლში ინახავდა. 1989 წელს პირველად საქართველოში, გამომცემლობა „მერანის” საგამოფენო სივრცეში, ბატონმა გურამმა მოაწყო ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი გამოფენა – ქართული საზოგადოებისათვის სრულიად უცნობი, დამალული ისტორია. დღემდე აღფრთოვანებით იხსენებენ ადამიანები ამ დღეს. გარდა ამისა, ამავე პერიოდში მან გამოსცა რამდენიმე წიგნი: „ფრანგული დღიური”, „ამერიკელი ქართველები”, სამტომეული „უცხოეთის ცის ქვეშ”… და მსოფლიოს თითქმის ყველა კონტინენტიდან ჩამოტანილი მთელი ეს კოლექცია 1994 წლის ოქტომბერში ბატონმა გურამმა დაავანა ქართული ემიგრაციის მუზეუმში. მას ჩუქნიდნენ ემიგრანტები წიგნებს უნიკალური მიძღვნითი წარწერებით, თავიანთ არქივებს, ემიგრანტულ პერიოდულ გამოცემებს, ანდერძით გადაეცა ვიკტორ ნოზაძის არქივი, ბიბლიოთეკა და მისი მემორიალური ნივთები, ილია კუჭუხიძის არქივი, გივი კობახიძის მთელი არქივი და ბიბლიოთეკა და სხვათა და სხვათა. მუზეუმში დაცული წიგნების უმრავლესობაზე აღბეჭდილია ცნობილი ქართველი ემიგრანტების და ქართველოლოგების მიძღვნითი წარწერები. 1984 წელს ბატონ გურამს ოლივერ უორდროპის შთამომავალმა ანდრო უორდროპმა უსახსოვრა 1912 წელს ლონდონში გამოცემული „ვეფხისტყაოსნის“ მარჯორი უორდროპისეული თარგმანი, რომელზეც ანდრო უორდროპის მიძღვნითი წარწერაა დასმული. ეს წიგნი ჩვენი მუზეუმის ერთ-ერთი უნიკალური ექსპონატია სხვა მრავალთა შორის.

ჰარვარდ-ლევილის არქივებზე მომუშავე ჯგუფი

იმის გარდა, რომ ბატონი გურამი იყო მაღალი რანგის პროფესიონალი, განათლებული, ამ სიტყვის ზუსტი მნიშვნელობით, ერუდირებული ადამიანი, იგი ფლობდა უზარმაზარ ინფორმაციას ზოგადად ქართული კულტურის, ლიტერატურისა და ისტორიის შესახებ და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ფლობდა დიდ ინფორმაციას ქართული პოლიტიკური ემიგრაციის შესახებ, რაც შესაძლოა, ვერც ვერსად ამოვიკითხოთ და ვეღარც ვერავისგან გავიგოთ… მისი ღვაწლი ზოგადად ქართული კულტურისა და ისტორიოგრაფიის წინაშე არის უდიდესი, ხოლო ქართული პოლიტიკური ემიგრაციის წინაშე ჯერ კიდევ შეუფასებელი და, შეიძლება ითქვას, დაუფასებელი.
ცნობილი ქართველი ემიგრანტის ელისე პატარიძის ვაჟი, ბატონი ოთარი ხშირად ამბობს: „ჩვენ, ემიგრანტებს, გურამ შარაძემ გვასწავლა ჩვენი ისტორია”. ეს ასეცაა, გურამ შარაძემ მარცვალ-მარცვალ, ფურცელ-ფურცელ შეკრიბა მათი ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფაქტები და ქართულ საზოგადოებას გააცნო იგი.
ხოლო როგორც პიროვნება, როგორც ხელმძღვანელი, ის იყო შინაგანად დიდი დემოკრატი. მისთვის მთავარი იყო დაენახა ადამიანში ქვეყნისა და საქმისადმი ერთგულება და, რასაკვირველია, პროფესიონალიზმი. თავად იყო უსაზღვროდ ერთგული საქმისა. გადაბუგულ კოლხურ კოშკში, რომ არა ბატონი გურამ შარაძე, ჩვენ – რამდენიმე ქალი ვერაფერს გავხდებოდით. ყუთი რომ ყუთია, ისიც კი ბატონ გურამს მოჰქონდა, რათა შეძლებისდაგვარად გაწმენდილი წიგნები, ხელნაწერები, მემორიალური ნივთები ჩაგველაგებინა და მოსალოდნელი საფრთხეებისაგან დაგვეცვა. მის დაბინავებაზეც ბატონმა გურამმა იზრუნა, მრავალთაგან უარის მიღების შემდეგ, კოლხური კოშკის არქივი და ბიბლიოთეკა დროებით ეროვნულმა არქივმა შეიფარა და ჩვენც იქ ვაგრძელებდით მუშაობას. კიდევ ბევრი რამ არის გასახსენებელი… გროზნოში ჩვენი ორგზის ჩასვლა, შეხვედრები ჩეჩნეთის პრეზიდენტ ჯოხარ დუდაევთან და ვიცე პრეზიდენტ ზელიმხან იანდარბიევთან, ბატონი გურამის როლი საქართველოს პირველი პრეზიდენტის გროზნოში გადასვენების საქმეში, გამოსცა წიგნი – „ზვიად გამსახურდიას სიკვდილი და დასაფლავება”… მან ბოლომდე უჭირისუფლა მაშინდელ დაქცეულ საქართველოს და საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ბატონ ზვიად გამსახურდიას.

ლია გედევანიშვილთან, ციცი ბუქურაულთან ერთად – კოლხური კოშკის ეზოში

– ვიცი, რომ ძნელია რაიმეს გამოყოფა, მაგრამ მაინც –  მუზეუმის ცხოვრების ყველაზე ღირსსახსოვარი მომენტი…
– მართალი ბრძანდებით, ნამდვილად ძნელია რომელიმე კონკრეტული მომენტის გამოყოფა მუზეუმის ცხოვრებიდან. თავისთავად უმნიშვნელოვანესი იყო მუზეუმის გახსნა და ქართველ ემიგრანტთა სტუმრობა. 1998 წელს გრანდიოზულად აღინიშნა აჭარის დედა-სამშობლოსთან დაბრუნების 120 წლისთავი, რასაც ბატონმა გურამმა მიუძღვნა მემედ აბაშიძის თხზულებათა კრებული. ამ წიგნის პრეზენტაცია  სწორედ ჩვენს მუზეუმში გაიმართა და დაესწრო დიდძალი საზოგადოება. ამის შემდეგ კი, რაც უნდა გასაკვირად მოგეჩვენოთ, მუზეუმის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოფენა იყო ბატონი გურამის  მკვლელობიდან მეორმოცე დღეს, მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი დიდი გამოფენა. წარმოდგენილი იყო გურამ შარაძის, როგორც მეცნიერის, ასევე, როგორც საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის – მთელი მისი ცხოვრების ამსახველი ბეჭდური და ხელნაწერი მასალები. ექსპოზიცია ისეთივე მრავალფეროვანი და მრავალწახნაგოვანი იყო, როგორც თავად ბატონი გურამი.
2008 წლიდან ქართული ემიგრაციის მუზეუმი აქტიურად ჩაერთო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთო ღონისძიებებში, გამოფენებში. ჩვენ გამოფენებს ვმართავთ არა მხოლოდ ჩვენს სამუზეუმო სივრცეში, არამედ უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სივრცეშიც. დაგისახელებთ მხოლოდ რამდენიმე მნიშვნელოვან გამოფენას – „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ქართული ემიგრაცია”, „საფრანგეთი – ქართველ ემიგრანტთა მეორე სამშობლო”, „საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის (1914-1918 წლები) საქმიანობისადმი მიძღვნილი გამოფენა – „…ახალთ საიმედოდ!”, “გურამ შარაძე და ქართველი ემიგრანტები”, “ქართველები მეორე მსოფლიო ომში”… რამდენიმე თვის წინ კი, გასული წლის მაისში, პირველ კორპუსში მოვაწყვეთ დიდი გამოფენა – „ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ისტორიიდან”. ვმართავთ შეხვედრებს როგორც ძველი, ისე ახალი ემიგრაციის წარმომადგენლებთან და ასე შემდეგ, და ასე შემდეგ.

ჰარვარდ-ლევილის არქივებზე მომუშავე ჯგუფი, ქართველ ემიგრანტთან, ბ-ნ მამია ბერიშვილთან ერთად

ქართველ ემიგრანტთა დღისდაწესება უკავშირდება 2013 წლის 25 ივნისს, როდესაც ქართული პოლიტიკური ემიგრაციის მეორე ტალღის წარმომადგენელსპეტრე ხვედელიძეს 95 წელი შეუსრულდა. ყოველ 25 ივნისს აღნიშნავთ ამ თარიღს. რამდენად მნიშვნელოვანია ეს დღე?
–  2013 წლის 25 ივნისს მართლაც შესანიშნავი თარიღი დავაწესეთ – “ქართველ ემიგრანტთა დღე”. დღე, რომელიც ასოცირდება ღვაწლმოსილი ქართველი ემიგრანტის, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი, დიდი პატრიოტისა და ქველმოქმედის, ბატონი პეტრე ხვედელიძის დაბადების დღესთან.
ბატონი პეტრე ემიგრაციის მეორე ტალღის წარმომადგენელი იყო. იგი თავისი სისპეტაკით, სიმტკიცით, სამშობლოსადმი სიყვარულის და ერთგულების, ცხოვრების წესის გამო იმსახურებდა მისი დაბადების დღე განზოგადებულიყო ქართველ ემიგრანტთა დღედ, რადგან სწორედ ეს თვისებები მოეთხოვება ყოველ ემიგრანტ ქართველს და არა მხოლოდ ემიგრანტს… ყოველი ადამიანი აქ, სამშობლოში მცხოვრები თუ უცხოეთის ცის ქვეშ მყოფი არის და უნდა იყოს სახე თავისი ქვეყნისა. განსაკუთრებული როლი უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს ეკისრებათ. ისინი ხომ საქართველოს ელჩები არიან მთელ მსოფლიოში.
„ემიგრანტის დღე” თავისთავად აერთიანებს ძველსა და ახალ ემიგრაციას. ჩვენ ამ თარიღს ყოველ წელს აღვნიშნავთ გამოფენებითა და სხვადასხვა ღონისძიებით. უპირველეს ყოვლისა კი, გარდაცვლილ ემიგრანტთა სულის  მოსახსენიებელ პანაშვიდს ვიხდით ბატონი პეტრეს საფლავზე დიდუბის პანთეონში.

მიუსერაში

ქართველ ემიგრანტთა მსოფლიო ლიგის გამგეობის წევრი ხართ…
–  ქართველ ემიგრანტთა მსოფლიო ლიგა დააარსა ნიუ-იორკში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტმა, ჩემმა უნივერსიტეტელმა მეგობარმა ელიზა აბელაშვილმა. იგი უკვე 14 წელზე მეტია ცხოვრობს ამერიკაში და განვლო რთული, ტკბილ-მწარე ემიგრანტული ცხოვრების გზა. ელიზა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანია და მისი მთავარი მიზანი იყო, გაეერთიანებინა მსოფლიოში მიმოფანტული თანამედროვე ქართველი ემიგრანტები და დაემყარებინა კავშირი ძველ ემიგრაციასთან, გაედო ხიდი სამშობლოსთან. მე, რასაკვირველია, მომხიბლა ამ იდეამ და სიამოვნებით ჩავერთე ლიგის საქმიანობაში. ქართველ ემიგრანტთა მსოფლიო ლიგამ ელიზა აბელაშვილის რედაქტორობით 2015 წლის მაისში გამოსცა ჟურნალი “ემიგრანტის ხმა”, რომელიც მიეძღვნა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს და რომელშიც გამოქვეყნებულია როგორც ძველი ემიგრაციის მასალები, ასევე თანამედროვე ემიგრანტების შემოქმედება და განხილულია დიასპორაში მიმდინარე პროცესები.
– რას იტყოდით ქართულ პოლიტიკურ ემიგრაციასა და დღევანდელ ემიგრაციაზე? რა აქვთ საერთო და განმასხვავებელი? რამდენად ჰგავს ახლანდელი ემიგრაცია უწინდელს?
–  რაც შეეხება მსგავსებას ძველსა და ახალ ემიგრაციას შორის, რასაკვირველია, არსებობს. მთავარი, რაც მათ აერთიანებთ, ეს არის ნოსტალგია, სამშობლოს მონატრების გრძნობა. განსხვავება კი დიდია, რადგან ქართულ პოლიტიკურ ემიგრაციას ჰქონდა უდიდესი მიზანი – საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა, ბრძოლა სამშობლოს გადარჩენისათვის… ძველი ქართული პოლიტიკური ემიგრაციის თვალსაჩინო წარმომადგენლები იყვნენ მეცნიერების, ლიტერატურის, ხელოვნების წარმომადგენლები და ამავე დროს, იყვნენ პოლიტიკური მოღვაწეები, ისინი მონაწილეობდნენ ჩაგრულ ხალხთა ეგიდით გამართულ ყველა კონფერენციაში, მუდმივად იბრძოდნენ, რათა მთელი მსოფლიო დაერწმუნებინათ, რომ საქართველო და ქართველი ერი იმსახურებდა მდგარიყო „ერად სხვა ერთა შორის”, ხოლო დღევანდელ ემიგრაციას ეს საზრუნავი არა აქვს. საბედნიეროდ, მათ სამშობლოსთან ურთიერთობაც არ ეკრძალებათ და დღეს უკვე არის კომუნიკაციის მრავალი საშუალება ოჯახის წევრებთან კავშირისა. თუმც, რასაკვირველია, ეს არ არის საკმარისი, რომ მშვიდად და ლაღად იცხოვრონ უცხო მიწაზე. მათი საზრუნავიც სამშობლო და მისი მომავალია.

რაჭა. დედა და მე მესამე რიგში, ძმები სხედან ბებიას გვერდით

– მუზეუმში ინახება ჩვენი სახელმწიფოებრივი სიმბოლიკასამფეროვანი დროშა, გერბი და დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტი, რომელიც ბატონ გურამ შარაძეს ქართველმა ემიგრანტებმა პირდაპირ ლევილის საგამოფენო დარბაზიდან გამოატანეს საქართველოში… სამივე უძვირფასესი რელიკვიაა. როგორ მიაგნო ამ რელიკვიას ბატონმა გურამმა და გაიხსენეთ მათი ჩამოტანა საქართველოში…
–  1918-1921 წლების დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკა – დამოუკიდებელი საქართველოს დროშა, გერბი და დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტი გახსნის დღიდანაა ექსპონირებული მუზეუმში. სიმართლე გითხრათ, ზუსტად როდის ჩამოიტანა, არ ვიცი, მაგრამ ყველა სხვა დანარჩენ ექსპონატთან ერთად, ალბათ.
სწორედ ბატონი გურამისგან ვიცი, რომ ეს სამი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი სიმბოლო ქართველმა ემიგრანტებმა ლევილიდან გამოატანეს. აქვე მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენთან დაცული დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტი, რომელიც არის დედნის ტოლი და ასეთი სულ რამდენიმე ეგზემპლარი არსებობს, არ გახლავთ 1918 წლის 26 მაისს გაფორმებული დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტი. ეს არის 1919 წლის 12 მარტს საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ ხელმეორედ მიღებული და გაფორმებული საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, ხოლო დამოუკიდებლობის პირველი აქტი, რომელიც 1918 წლის 26 მაისს გაფორმდა, თვალით არავის ჰქონდა ნანახი და შეიძლება ითქვას, მისი არსებობაც კი არავინ იცოდა ერთეულების გარდა. ამ ორი აქტის ტექსტი აბსოლუტურად იდენტურია, სხვაობაა მხოლოდ და მხოლოდ ხელმომწერთა შორის. ამას და კიდევ სხვა მნიშვნელოვან საკითხებს მიეძღვნა გიორგი და

გურამ შარაძეების ავტორობით გამოსული წიგნი – „ისტორიული რელიკვიების დაბრუნება”.
1. საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, მიღებული ეროვნული საბჭოს მიერ 1918 წლის 26 მაისს;
2. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გერბი, 1918 წლის 27 დეკემბერი;
3. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შტანდარტი, 1918 წლის 27 დეკემბერი;
4. 1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, ხელახლა მიღებული 1919 წლის 12 მარტს დამფუძნებელი კრების მიერ;
5. 1921 წლის 21 თებერვლის საქართველოს პირველი კონსტიტუცია

ძმისშვილები და სიძეები. მარჯვნიდან – თამარ კობახიძე, გიორგი ბიწაძე, მარიამ კობახიძე, გიორგი კობახიძე, ილია ბორაშვილი

ამ ხუთ უნიკალურ დოკუმენტს, რასაკვირველია, დედნებს, 2000 წელს გიორგი შარაძემ, რომელიც იმჟამად შვეიცარიაში, საქართველოს საელჩოში კულტურის ატაშედ მუშაობდა, მიაკვლია ციურიხში, შვეიცარიელი ქართველოლოგის, ქალბატონი ლეა ფლურის კერძო კოლექციაში და საქართველოში ჩამოიტანა. ამჟამად ეს დოკუმენტები დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში, ხოლო ყოველივე ამის თაობაზე დაწვრილებითაა მოთხრობილი ზემოხსენებულ წიგნში.
– მუზეუმში დაცული ფოტომასალიდან, მემორიალური ნივთებიდან, ხელნაწერი ფონდიდან… რაზე გაამახვილებდით ყურადღებას?
ძალიან რთულია მუზეუმში დაცული მასალებიდან რომელიმეს გამოყოფა, მაგრამ არის, რასაკვირველია, განსაკუთრებული მნიშვნელობის დოკუმენტებიც და მათ შორისაა როგორც ხელნაწერი, ასევე ბეჭდური და მემორიალური ნივთები. ზემოთაც მოგახსენეთ და კიდევ გავიმეორებ, მუზეუმში დაცული წიგნების აბსოლუტურ უმრავლესობაზე არის უნიკალური მიძღვნითი წარწერები, რომლებიც თავისთავად უზარმაზარ ინფორმაციას შეიცავს და შეიძლება ითქვას, ცალკე კვლევის საგანიც კი არის.
დაცულია რარიტეტული წიგნები – ზემოთ უკვე ვახსენე „ვეფხისტყაოსნის“ უორდროპისეული თარგმანი, კონსტანტინე ბალმონტისეული რუსული პოეტური თარგმანი „ვეფხისტყაოსნისა“, რომელიც ქართველმა ემიგრანტებმა გამოსცეს 1933 წელს, პარიზში, დავით ხელაძის სტამბაში; ბელა ვიკარის უნგრულ ენაზე ნათარგმნი ვეფხისტყაოსანი, რომელიც 1917 წელს გამოვიდა ბუდაპეშტში; ესპანურ ენაზე გუსტავო დე ლა ტორეს მიერ თარგმნილი „ვეფხისტყაოსანი“, რომელიც 1964 წელს გამოიცა სანტიაგო დე ჩილეში; შალვა ბერიძის მიერ იტალიურ ენაზე თარგმნილი ვეფხისტყაოსანი, რომელიც 1945 წელს გამოიცა მილანში; 1943 წელს ბერლინში ქართულ ენაზე გამოცემული მინიატურული „ვეფხისტყაოსანი“…
აქვე აღვნიშნავ, რომ 2016 წელს შოთა რუსთაველის 850 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გავმართეთ მუზეუმში სახელწოდებით – „შოთა რუსთაველი და ქართული ემიგრაცია”, რომელზეც წარმოდგენილი იყო უნიკალური წიგნები, ხელნაწერები და რუსთაველისადმი მიძღვნილი პერიოდული გამოცემები, ემიგრანტების მიერ შექმნილი რუსთაველის პორტრეტების ფოტოასლები და რაც მთავარია, ვიკტორ ნოზაძის გამოუქვეყნებელი ხელნაწერი ნაშრომები „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ. მუზეუმში დაცულია უნიკალური დოკუმენტები. მათგან ერთ-ერთი განსაკუთრებული დოკუმენტი გახლავთ საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის (1914-1918 წწ.) მიერ აკაკი ჩხენკელისათვის  მინიჭებული თამარ მეფის ორდენის დამადასტურებელი დოკუმენტი. დამოუკიდებელი საქართველოს ბეჭდები და შტამპები, ქართველ ემიგრანტთა პასპორტები და სხვა პირადი დოკუმენტები…

ძმასთან და რძალთან ერთად

– ისტორიული დიასპორის მკვლევარი ხართ. წლების მანძილზე არაერთი პუბლიკაცია გაოაქვეყნეთ  ქართულ პერიოდულ გამოცემებში,  მონაწილეობთ სამეცნიერო კონფერენციებში, თანამშრომლობთ ტელე-რადიო მაუწყებლობებთან, ხშირად ხართ „რადიო-1“-ის გადაცემებში –  „მიგრაციის მარშრუტები” და „ჩვენი საგანძური“. ამჟამად რაზე მუშაობთ?
– ამჯერად მუზეუმი ამზადებს რამდენიმე გამოფენას, რომლებიც მიეძღვნება პირველი ქართული უნივერსიტეტისა და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების საიუბილეო 100 წლისთავს. ერთ-ერთი პირველი გამოფენა  ლადო და მიხეილ ახმეტელების მოღვაწეობის ამსახველი იქნება. ვაპირებ, მონაწილეობა მივიღო საქართველოს დამოუკიდებლობისადმი 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაში.
– სამომავლოდ რას აპირებთ, როგორ წარმიმართება მუზეუმის ცხოვრება?
–  როგორ წარიმართება მუზეუმის ცხოვრება, დიდაა დამოკიდებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობაზე. უპირველეს ყოვლისა, იმედი მაქვს, რომ ქართული ემიგრაციის მუზეუმს მიენიჭება მისი დამაარსებლის – გურამ შარაძის სახელი. ვფიქრობ, არა მარტო ჩვენს მუზეუმს, არამედ უნივერსიტეტში არსებულ ყველა მუზეუმს უნდა მიენიჭოს მათი დამაარსებლების სახელები. ეს იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება ჩვენი ხელმძღვანელობის მხრიდან. ამის პრაქტიკა არსებობს უნივერსიტეტში, აუდიტორიების დიდ უმრავლესობას მინიჭებული აქვს ცნობილი მეცნიერებისა და მოღვაწეების სახელები, რაც ძალიან კარგია. ვფიქრობ, მუზეუმებს არანაკლებ დიდი მნიშვნელობა აქვს მომავალი თაობების აღზრდისა და, ზოგადად, სამეცნიერო საგანმანათლებლო საქმის სწორი მიმართულებით წარმართვაში.

ალექსანდრესთან და ნინა-ნინოსთან ერთად. უფროსი ძმისშვილის – თამარის შვილები

დღეისათვის მუზეუმში მხოლოდ ორნი ვართ, მე და ქალბატონი დოდო კორსანტია. უამრავ საქმეს ვართმევთ თავს – ექსკურსიები, მკვლევართა მომსახურება, მუდივ რეჟიმში მიმდინარეობს ჯერ კიდევ დაუმუშავებელი მასალების შესწავლა და კატალოგიზება, გამოფენები, შეხვედრები ძველი და ახალი ემიგრაციის წარმომადგენლებთან, კონფერენციები და ა.შ. საქმე უამრავია. ღვთის ნებით შევძლებთ, გავაგრძელოთ ჩვენი საქმიანობა იგივე შემართებით, რაც წლების მანძილზე გვქონდა. მთავარია, ხელი არავინ შეგვიშალოს!
– ჰობი…
–  სიმღერა ჩემი ჰობია. ცოტა მაკლდა ეს ჩემი პროფესია გამხდარიყო. როგორც მოგახსენეთ, ბავშვობიდან ვეზიარე სიმღერას, მუსიკას. უნივერსიტეტის პარალელურად მუსიკალურ ტექნიკუმში ჩაბარებასაც კი ვფიქრობდი… 1980-იან წლებში მამადავითზე ეკლესიაში ვგალობდი. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში უბედნიერესი ხანა. ქართული საგალობელი ადამიანს ასპეტაკებს. ზოგჯერ დღეში ორჯერ ავდიოდით მამა დავითზე ჩვენი ქართული, მართლმადიდებლური მოვალეობის აღსასრულებლად. ძალიან ბედნიერი ვიყავი მაშინ. მაგრამ პროფესიონალი მუსიკოსი არ გავხდი, ამიტომ ყოველივე ამას შეიძლება ვუწოდოთ ჰობი. წლების შემდეგ, 2013 წელს კიდევ ერთხელ ვიგალობე მთაწმინდაზე, ტაძრის მგალობელთა გუნდთან ერთად. მაშინ ემიგრანტი პოეტის სიმონიკო ბერეჟიანის ანდერძი აღვასრულეთ, მისი პოემა წავუკითხეთ თბილისს მთაწმინდიდან და შემდეგ პანაშვიდი გადავიხადეთ ტაძარში. ძალიან ამაღლებული დღე იყო.
გატაცებული ვიყავი თეატრითა და კინოთი იმდენად, რომ ვცდილობდი, მენახა ყველა ფილმი – მსოფლიო შედევრები, რომლებსაც მხოლოდ კინოს სახლსა და კინოთეატრ „გაზაფხულში” აჩვენებდნენ. 1970-იან წლებში მოსკოვის კინოფესტივალზეც კი გახლდით. და მოგზაურობა… ჩემი სტიქია მთაში ხეტიალი იყო და არის!

 თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები