ირაკლი მეზურნიშვილი: მივმართავ NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს –  საჯაროდ მოიხადოს ბოდიში

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი მეზურნიშვილი, NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. მეზურნიშვილი მიიჩნევს, რომ ლორა თორნტონის მიერ გაკეთებული განცხადება, აშშ-სა და საქართველოს მტრის წისქვილზე ასხამს წყალს.

“მინდა გამოვეხმაურო რამდენიმე დღის წინ NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის, ქალბატონ ლორა თორნტონის მიერ გაკეთებულ საჯარო კომენტარს, რომლის თანახმადაც აშშ-ის პრეზიდენტი რუკაზეც კი ვერ მოძებნის საქართველოს. ქალბატონი თორნტონის ამ „მტკიცებით“, გამოდის, რომ ჩვენი ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს ჩვენს ქვეყანასთან, განუხრელად მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მისი საზღვრების ურღვეობას, მტკიცედ გმობს ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას და არც კი იცის სად არის ეს საზღვრები!? სამწუხაროდ, ნებსით თუ უნებლიედ, ეს ირონიული კომენტარი, ხელს უწყობს იმ აზრის დამკვიდრებას, რომ საქართველო იმდენად მცირე და უმნიშვნელო ქვეყანაა დასავლეთისთვის, მისი მოძებნა რუკაზეც კი არ შეუძლია. ასეთი უპასუხისმგებლო განცხადება განსაკუთრებით შეურაცხმყოფელია როგორც საქართველოსთვის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, განსაკუთრებით ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციის ხელმძღვანელისგან, როგორიც NDI -ია. ქალბატონ თორნტონს შევახსენებ, რომ NDI ჩვენი ქვეყნის მიმართ ურყევ მხარდაჭერას გამოხატავს ბოლო 25 წლის განმავლობაში. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ორგანიზაციის როლი საქართველოს, როგორც ახალი დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. საქართველოში ყოველთვის დიდი მადლიერებით იხსენებენ იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოსთვის ამ თანადგომის ინიციატორები და განმახორციელებლები იყვნენ – ქალბატონი მადლენ ოლ ბრაიტი, ბატონი კენეტ ვოლაკი და სხვები, რომლებიც ყოველთვის საქართველოს ინტერესების იცავდნენ. ჩვენი ასეთი მეგობრები დღევანდელ სენატსა თუ წარმომადგენლობით პალატაში და პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც მრავლად არიან. მაშინ, როდესაც სულ უფრო იზრდება აშშ-სა და საქართველოს შორის პარტნიორობის მასშტაბი, ქართველი და ამერიკელი ჯარისკაცები ერთად იცავენ მშვიდობასა და უსაფრთხოებას ანტიტერორისტული კოალიციის ფორმატში, აშშ-ის პოლიტიკური ლიდერშიფი იღებს საქართველოსათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, გაუმართლებელია ცინიკური განცხადებებით ხელი შეუწყო ჩვენი ქვეყნებისთვის მტრული ნარატივის დამკვიდრებას, ნარტივისა, რომლის თანახმადაც აშშ-ს არაფრად უღირს ჩვენსავით პატარა ქვეყნების პარტნიორობა. მივმართავ NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს, საჯაროდ მოიხადოს ბოდიში ამ განცხადებისთვის, რადგან ასეთი განცხადებები მხოლოდ აშშ-სა და საქართველოს მტრის წისქვილზე ასხამს წყალს”,- განაცხადა მეზურნიშვილმა.

პარლამენტის წევრმა ასევე აღნიშნა, რომ მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე გაკეთებული განცხადება არა ფრაქცია „ქართული ოცნების” არამედ, მხოლოდ მისი, როგორც ცალკეული დეპუტატის მოსაზრებას წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები