ბაჩო ახალაია პრეზიდენტსა და შეწყალების კომისიას სპეციალური განცხადებით მიმართავს

წუხელ ციხეში რაღაც მოულოდნელი დოკუმენტი გამაცნეს. აღმოჩნდა, რომ ეს იყო შეწყალების კომისიის მხრიდან ჩემი საქმის გამოთხოვა, ანუ შეწყალების კომისია ჩემთვის სრულიად გაუგებარი მიზეზებით აპირებს ჩემი საკითხის განხილვას – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მიმართვაშია ნათქვამი.

ბაჩო ახალია პრეზიდენტსა და პრეზიდენტთან არსებულ შეწყალების კომისიას მიმართავს და მოუწოდებს კომისიას, არ განიხილონ მისი შეწყალების საკითხი.

მიმართვას “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:

„ბატონო პრეზიდენტო, ბატონებო…
წუხელ ციხეში რაღაც მოულოდნელი დოკუმენტი გამაცნეს. აღმოჩნდა, რომ ეს იყო შეწყალების კომისიის მხრიდან ჩემი საქმის გამოთხოვა, ანუ შეწყალების კომისია ჩემთვის სრულიად გაუგებარი მიზეზებით აპირებს ჩემი საკითხის განხილვას.
ბატონებო, მინდა გითხრათ, რომ უკიდურესად გაკვირვებული ვარ, თქვენ რატომ, რისთვის უნდა განიხილოთ ის, რაც მე თქვენთვის არასდროს მითხოვია და არც არასდროს ვაპირებ ასეთი თხოვნით მომართვას. იმედია ნებას იბოძებთ და იმაში მაინც გამარკვევთ, თუ ვინ მოგმართათ ასეთი თხოვნით.
გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის შეურაცხმყოფელია თქვენი კომისიის მხრიდან ჩემი თავისუფლების თაობაზე ნებისმიერი სახის მსჯელობის გამართვაც კი. ასეთი განცდისთვის მე ნამდვილად გამაჩნია ობიექტური საფუძვლები, ვინაიდან დღეს საქართველოს მართავს რუსული ძალა, რომელიც ყოველდღიურად იმყარებს პოზიციებს ქართულ საზოგადოებაში არსებული პოლიტიკური დაპირისპირებების ხარჯზე. ამ ფონზე კი პრეზიდენტი მარგველაშვილი ნაცვლად იმისა, რომ გამოსულიყო პოლიტიკური შერიგების პლატფორმით, საკუთარი უპრინციპობით, გაუბედავი და არაშორსმხედველური პოზიციონირებით მხოლოდ ხელს უწყობს პოლიტიკური დაძაბულობის ზრდას და რუსული ინტერესების გაძლიერებას. ეს ჩემი მხრიდან უკიდურესად რბილი შეფასებაა იმ საშინელი სამსახურისა, რასაც საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი საკუთარ სახელმწიფოს უწევს. შესაბამისად ვერ დავუშვებ, რომ პრეზიდენტის კომისიას ჩემს თავისუფლებაზე ფარისევლური მსჯელობის ნებართვა მივცე.
ვფიქრობ მოყვანილი არგუმენტები სრულიად საკმარისია ჩემი პოზიციის განსამარტად, მაგრამ ბატონო პრეზიდენტო, აუცილებლად უნდა შეგახსენოთ ის ღირსეული სამხედროები, რომლებმაც მოგმართეს სამართლიანი შეწყალების თხოვნით, თუმცა თქვენ უმაღლესმა მთავარსარდალმა გულქვა უარით გაისტუმრეთ, ვერ გაბედეთ გასაბედი.
რა თქმა უნდა, მე არ ვაპირებ და არ მსურს მთელი ცხოვრება ციხეში ვიყო. სიცოცხლეზე უფრო ძვირფასი თავისუფლება თავის დროზე შეგნებულად, ნებაყოფლობით, გაურკვეველი ვადით დავთმე საკუთარი პრინციპებისა დ საკუთარი სამშობლოსთვის ბრძოლის ერთგულების მიზნით. მოცემულობა ასეთად რჩება დღემდე.
მე მტკიცე ნებისყოფით დაველოდები იმ გარდაუვალი, პროგრესული პოლიტიკური ცვლილებების ტალღას, რომელიც არის ერთადერთი ღირსეული გარანტია ჩემნაირი ტყვეების თავისუფლებისათვის.
ასე რომ ბატონო პრეზიდენტო, საქართველოში დღეს არსებული პოლიტიკური სიმახინჯის გამო თქვენს კომისიას არ აქვს არანაირი უფლება იმსჯელოს ჩემს შეწყალებაზე. ჩემი ღირსება ამისთვის უბრალოდ ნებართვას არ იძლევა.
ბატონებო, იმისთვის რომ თქვენ ჩემს „შეწყალებაზე“ რაიმე სახით იმსჯელოთ, ჯერ პოლიტიკურად უნდა გაპატიოსნდეთ და გავაჟკაცდეთ,პოლიტიკას პოლიტიკა და კრიმინალს კრიმინალი უნდა უწოდოთ, რუსეთს – მტერი და არა მეზობელი, რუსულ მმართველობას საქართველოში შესაბამისი სახელი და არა დემოკრატიული პროგრესი.
ყოველივე ზემოხსენებული ეს არის მაქსიმალურად კორექტული, თუმცა მცირე ნაწილი იმ არგუმენტებისა, რომელთა გამოც მე ხელი არ მოვაწერე შეწყალების კომისიის მიერ წუხელ გამოგზავნილ ფორმულარს, შესაბამისად მოვითხოვ კიდეც ჩემი საკითხის ამოღებას კომისიის დღის წესრიგიდან“, –აღნიშნულია ბაჩო ახალაიას მიმართვაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები