“ზურაბ ჟვანიას რძალი, დუმილის სანაცვლოდ, „ნაციონალებმა“ დააწინაურეს“

ცნობილია, რომ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გვამზე ჩატარებულ სასამართლო – სამედიცინო დასკვნაზე სხვებთან ერთად ხელი აქვს მოწერილი ზურაბ ჟვანიას ნათესავს- ექსპერტს – ბიოლოგ თამილა აფაქიძეს (ზურაბ ჟვანიას ბიძაშვილის მეუღლეს), რომელიც ამ დრომდე დუმილს ამჯობინებს და არც ჟვანიასა და უსუპოვის გვამების გავრცელებულ კადრებზე აკეთებს კომენტარს. თამილა აფაქიძის სახელი და გვარი პირველად ხმამაღლა ექსპერტმა ლევან ჩაჩუამ ახსენა და განაცხადა, რომ ჟვანიას ნათესავი ექსპერტიზას ესწრებოდა და რაიმე საეჭვო რომ შეენიშნა, ხმამაღლა იტყოდაო. გარდაცვლილი პრემიერის ძმამ გოგლა ჟვანია ამ საკითხზე შემდეგი კომენტარი გააკეთა: „თამილა აფაქიძე, მართლაც, იყო შესული ექსპერტიზაზე, თუმცა, ვერ გაუძლო და გამოვიდა“.
თავად თამილა აფაქიძე აღნიშნულ საკითხზე საუბრისგან თავს იკავებს. გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ თამილა აფაქიძის შესახებ ეროვნული არქივის ხელნაწერთა რესტავრაციისა და მიკროფორმირების ლაბორატორიის ყოფილი დირექტორი თამარ გაგნიძე და ამავე ლაბორატორიის ერთ – ერთი თანამშრომელი თამარ გომელაური ესაუბრა. როგორც თამარ გაგნიძე აცხადებს, თამილა აფაქიძე დღემდე მიხეილ სააკაშვილის და “ნაციონალების“ აპოლოგეტია.
“ეტყობა, ბატონი გოგლა ჟვანია კარგად არ იცნობს თავის რძალს თამილა აფაქიძეს და არ იცის, რა მოღვაწეობას ეწევა ის სამხარაულის სახელობის ეროვნული ექსპერტიზის ცენტრიდან გათავისუფლების შემდეგ. ეს რომ იცოდეს, ეჭვი მეპარება, ამ ადამიანის კეთილსინდისიერებაზე განაგრძოს საუბარი. ბატონმა გოგლამ არ იცის, რომ მისი ნათესავი დღემდე სააკაშვილისა და ნაციონალების აპოლოგეტია, ანუ არასრულფასოვნების კომპლექსით შეპყრობილი ადამიანების კასტის წევრი, რომელიც 2011 წელს ეროვნულ არქივში რესტავრაციისა და მიკროფორმირების დირექტორად დანიშნეს. ის არ არის რესტავრატორი, არც ქიმიკოსია, შეხება არ ჰქონია ხელნაწერებთან, არც მის რესტავრაციასთან და, საინტერესოა, რა დამსახურებით გაამწესეს ამ თანამდებობაზე? როგორც ცნობილია, ყველა ექსპერტი, ვინც ჟვანიას გვამის ექსპერტიზა ჩაატარა, სამსახურიდან გაათავისუფლეს, ლევან ჩაჩუა დააკავეს, მხოლოდ აფაქიძეა დაწინაურებული! ჩემი მოსაზრება ასეთია – იგი დააჯილდოვეს დუმილის გამო და არქივში მშვიდი ადგილი მოუნახეს“, – აცხადებს თამარ გაგნიძე.
როგორც “ასავალ-დასავალი“ წერს, თამილა აფაქიძეს ხელი აქვს მოწერილი ზურაბ ჟვანიას სასამართლო-სამედიცინო დასკვნაზე. თამარ გაგნიძე აცხადებს, რომ თამილა აფაქიძემ არქივში დანიშვნის შემდეგ თანამშრომლების ტერორი და ფსიქოლოგიური ზეწოლა დაიწყო და მისთვის არასასურველი თანამშრომლები “მოიშორა“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები