ბექა დავითულიანმა თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა

თბილისის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბექა დავითულიანმა საკრებულოს ოპოზიციის მიერ გამოთქმულ კრიტიკულ განცხადებებს პასუხი გასცა. მისი განმარტებით, თბილისის მთავრობამ ქალაქში სატრანსპორტო მიმართულებით არსებული პრობლემების მოსაგვარებლად დაგეგმილი სამუშაო პროგრამა წარმოადგინა და მხოლოდ ტაქსების რეგულაციაზე არ ყოფილა საუბარი.

„ამ პროგრამაში ტაქსების აღრიცხვიანობის საკითხი მხოლოდ ერთ-ერთი კომპონენტია. ჩვენ განვაცხადეთ და ბიუჯეტში ასახულია, რომ მოწესრიგდება და განვითარდება მეტრო, შევიძენთ ახალ ავტობუსებს, ამის პარალელურად საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მოხდება. ამასთან ერთად ხდება ტაქსების აღრიცხვიანობა, რაც სრულიად ნორმალურია. როდესაც ტაქსიში ვსხდებით, ან ჩვენს შვილს ვსვამთ, როგორც მინიმუმ, უნდა ვიცოდეთ, რომ მძღოლს მართვის მოწმობა აქვს. ეს არანაირად არ იქნება ტაქსის მძღოლებისთვის მძიმე ტვირთი“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

მისი თქმით, დაწესდება რეგულაციები მიკროავტობუსებისთვისაც, რათა ისინი ცენტრალურ ქუჩებზე მხოლოდ გაჩერებებზე გაჩერდნენ.  გარკვეული შეზღუდვები იქნება შემოღებული ასევე სამშენებლო ტვირთების გადამტანი მანქანებისთვისაც, რათა მათ დღის დატვირთულ მონაკვეთებში არ იმოძრაონ. დეპუტატის განმარტებით, ყველა ეს ნაბიჯი ქალაქის საცობებისგან განტვირთვას ისახავს მიზნად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები