“ვინც არ იცნობს თავის მაჟორიტარს, შეიძლება მას არ ჰქონდა ისეთი პრობლემა, რომ მაჟორიტარი დასჭირვებოდა”

“თუ ადამიანმა არ იცის ვინ არის მისი მაჟორიტარი დეპუტატი, ეს მოწმობს, რომ შეიძლება მას არ ჰქონდა ისეთი პრობლემა, მაჟორიტარი დასჭირვებოდა”,-ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გუგული მაღრაძემ NDI-ს მიერ ჩატარებული კვლევის საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს იმასაც შეიძლება მოწმობდეს, რომ მოსახლეობა თავიანთი პრობლემებითაა დაკავებული.
“ამ თვალსაზრისით ძალიან ბევრი ქვეყანაა, სადაც გარკვეულმა რაოდენობამ, ვინც პოლიტიკურად აქტიურია, იცის ვინ არის მისი მაჟორიტარი, მაგრამ მოსახლეობის დანარჩენი ნაწილი თავისი პრობლემებით არის დაკავებული. იგივეა საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებაც. კონსტიტუცია ქვეყნის მთავარი კანონია, მაგრამ იცით, რომ არჩევნებზე მოსული ამომრჩევლის რაოდენობა საშუალოდ 49-50%-ია. ეს მიუთითებს იმაზე, რომ მათ თავიანთი პრობლემები აქვთ და არ აინტერესებთ, ან არ აქვთ იმედი, რომ რაიმე შეიცვლება”,-განაცხადა გუგული მაღრაძემ.
შეგახსენებთ, რომ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობამ არ იცის, ვინ არის მისი მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში.
კითხვაზე, ვინ არის თქვენი მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში, გამოკითხულთა 26%- მა სწორი პასუხი გასცა, 14%-მა არასწორი, ხოლო 59%-მა – არ იცის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები