ნათია მეზვრიშვილი: ავჭალაში ცოლ-ქმრის მკვლელობასთან დაკავშირებით, ოჯახის საკონტაქტო პირთა წრეს ვადგენთ
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი დღეს გამართულ ბრიფინგზე ავჭალაში ცოლ-ქმრის მკვლელობის საქმესაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აღნიშნულ საქმეზე საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები გრძელდება.
მისივე თქმით, დგინდება ოჯახის საკონტაქტო პირთა წრე, დაკითხულები არიან მეზობლები, ახლობლები და აღებულია გენეტიკური კვლევის ნიმუშებიც.
„ავჭალაში ცოლ-ქმრის მკვლელობასთან დაკავშირებით, საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები გრძელდება, ამ ეტაპზე ვადგენთ ოჯახის საკონტაქტო პირთა წრეს. ამ საქმესთან დაკავშირებითაც გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. აქ გამოძიება მიმდინარეობს დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის ფაქტზე და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე. მოტივთან და დამატებით დეტალებთან დაკავშირებით, როგორც კი გვექნება ინფორმაცია, დამატებით მივაწვდით საზოგადოებას“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისში ცოლ-ქმარი ორი დღის წინ მოკლეს. შემთხვევა ზაჰესში მოხდა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ცოლ-ქმარი გარდაცვლილი საკუთარ მაღაზიაში იპოვეს. სავარაუდოდ, უცნობმა პირებმა მაღაზიის დაყაჩაღება სცადეს.