2017 წელს გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის 11 625 ფაქტი გამოვლინდა

გასულ წელს,  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის 11 625 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 11 110 ფაქტი, ხოლო სისხლის სამართლის 515 ფაქტი, რომელთა მასალებიც სამართალდამცავ ორგანოებში გადაიგზავნა.

როგორც “კვირას” გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, 2017 წელს, გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხამ 8 651 243,56 ლარი შეადგინა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამართალდამრღვევებს (როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს) ჯარიმის სახით, ჯამში 4 658 500 ლარი დაეკისრათ.

გასულ წელს გამოვლენილი გარემოსდაცვითი დანაშაულებიდან, დაფიქსირდა ტყის კანონმდებლობის დარღვევის – 1737 ფაქტი, ხე-ტყის ტრანსპორტირების წესების დარღვევის – 1397 და სახერხის ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის – 832 ფაქტი, რაც ჯამურად, საერთო გამოვლინებების 34%-ს შეადგენს.

საერთო სტატისტიკის 22%-ს შეადგენს წიაღის კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევები – 2521 ფაქტი და 16%-ს ატმოსფერული ჰაერის კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევები – 1817 ფაქტი.

ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 1407 ფაქტი დაფიქსირდა, ხოლო თევზჭერის/ნადირობის წესების დარღვევის – 1078 ფაქტი. სხვა დარღვევებმა საერთო სტატისტიკის 7% (836 ფაქტი) შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები