მყვინთავები მდინარეში მეგობრის მიერ მოკლული ირაკლი კაკულიას ცხედარს ეძებენ

მდინარე რიონში 31 წლის ირაკლი კაკულიას ცხედარს ეძებენ. სამძებრო სამუშაოებში მყვინთავები ჩაერთნენ. მყვინთავებს მდინარეში 12 მეტრ სიღრმეზე უწევთ მუშაობა. ცხედრის მოძებნაში მათ ადგილობრივი მოსახლეობაც ეხმარება.
გარდაცვლილის დედა შვილის ცხედარს ითხოვს. ოჯახის წევრებისთვის 31 ირაკლი კაკულიას მკვლელობის მოტივი უცნობია. დედა ამბობს, რომ ბრალდებული მისი შვილის ბავშვობის მეგობარია.
„ერთმანეთს რომ ემდუროდნენ, ახლახან გავიგე. რაზე იჩხუბეს ან რატომ ჰქონდათ კონფლიქტი, არ ვიცი. ახლა, მხოლოდ იმას ვფიქრობ, რომ ჩემი შვილის ცხედარი იპოვონ. დამნაშავე კი, უნდა დაისაჯოს“ – ამბობს ირაკლი კაკულიას დედა.
ირაკლი კაკულია 2017 წლის 31 დეკემბრიდან იძებნება.
შს სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წლის 31 დეკემბერს პოლიციას 1989 წელს დაბადებული ი.კ.-ს გაუჩინარების შესახებ მისმა ოჯახმა შეატყობინა. დაკარგულ პირთან დაკავშირებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის აბაშის რაიონულ სამმართველოში შეიქმნა ძებნის საქმე და გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 143-ე მუხლით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა). პარალელურად, მიმდინარეობდა გაუჩინარებული პირის ინტენსიური ძებნის ღონისძიებები.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ნ.ტ.-მ 2017 წლის 31 დეკემბერს აბაშაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა ნაცნობს – ი.კ.-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. ნ.ტ.-მ კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარი მდინარე რიონში გადააგდო. აღნიშნულ ფაქტს შეესწრო და ნ.ტ.-ს დახმარება გაუწია რ.გ-მ., რომელმაც მომხდარის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა.
სამართალდამცავებმა ორივე მათგანი დააკავეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის და დანაშაულის დაფარვის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე და 375-ე მუხლით).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები