“ამ ეტაპზე არ ხდება გენგეგმის საბოლოო მიღება, რადგან დოკუმენტი სრულყოფილი არაა რამდენიმე საკითხის გამო”

“ამ ეტაპზე არ ხდება გენგეგმის საბოლოო, მე-6 ეტაპის მიღება, გამომდინარე იქიდან, რომ დოკუმენტი ჯერ-ჯერობით არ არის სრულყოფილი რამდენიმე საკითხის გამო”, – ამის შესახებ თბილისის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის უფროსმა, თემურ ბოლოთაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მერიას ზონირების ცვლილების, ტრანსპორტისა და გზათა ქსელის განვითარებასთან დაკავშირებით აქვს კითხვები.
“ამ ეტაპზე არ ხდება გენგეგმის საბოლოო, მე-6 ეტაპის მიღება, გამომდინარე იქიდან, რომ დოკუმენტი ჯერ-ჯერობით არ არის სრულყოფილი რამდენიმე საკითხის გამო. პირველი, ეს არის ზონირების ნაწილი, რაც გენგეგმაში უნდა იყოს. მკაფიოდ უნდა იყოს დასაბუთებული ნებისმიერი ზონის ცვლილება, ან არსებული ზონის დატოვება. მოგეხსენებათ, ზონირება წარმოადგენს ისეთ მნიშვნელოვან მარეგლამენტირებელ ნაწილს, რაზეც არის დამოკიდებული კონკრეტული მიწის ნაკვეთების სამშენებლოდ განვითარება, სწორედ ამიტომ არის უმთავრესი შემადგენელი ნაწილი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის. ასევე არის საკითხები ტრანსპორტთან და რკინიგზის გამჭოლ ხაზთან დაკავშირებით, გზათა ქსელთან დაკავშირებით. ასევე არის კანონმდებლობის კონკრეტული მოთხოვნა, რაც ეფექტიანობის შეფასებასთანაა დაკავშირებული. ნებისმიერი საპროექტო გადაწყვეტა მოცემული და დასაბუთებული უნდა იყოს გენერალურ გეგმაში. მნიშვნელოვანია რიგითობა და განხორციელების ეტაპები, რა დროს, რა ეტაპზე, რა საპროექტო გადაწყვეტა უნდა განხორციელდეს და რა შედეგის მომტანი იქნება ეს”, – განაცხადა ბოლოთაშვილმა და დასძინა, რომ “სითი ინსტიტუტ საქართველოსგან” მერია ელოდება კონკრეტულ ვადას, რა ვადაში შეძლებენ ისინი დოკუმენტის სრულყოფას.
არქიტექტურის საქალაქო სამსახურის უფროსი ვერ ასახელებს კონკრეტულ თანხას, თუ რა დამატებითი ხარჯი შეიძლება დასჭირდეს დოკუმენტის სრულყოფას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები