ტერორიზმის მხარდაჭერაში ბრალდებულ ზურაბ იდოიძეს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტერორიზმის მხარდაჭერაში ბრალდებულ ზურაბ იდოიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
პროკურატურა იდოიძისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, ადვოკატმა კი ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობა დააყენა.
ზურაბ იდოიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 2018 წლის 9 იანვარს ახმეტაში დააკავა.

სოფელ ომალოში მის კუთვნილ სახლში ჩხრეკა ჩატარდა.
„გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ დაკავებული ზურაბ იდოიძე, ზურაბ გორნაკაშვილთან ერთად ჩავიდა თურქეთის ქალაქ ხოფაში ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად. დაკავებულმა, ზურაბ გორნაკაშვილთან ერთად ახმედ ჩატაევი და მისი დაჯგუფების წევრები ხოფაში, მათი დროებითი საცხოვრებელი ბინიდან მანქანით მიიყვანა თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 331- ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტერორიზმის დაფინანსებას, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. სასჯელის ზომად 17 დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აცხადებენ სუს–ში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები