ვანო ზარდიაშვილი: პრეზიდენტი მუდმივად კონფრონტაციულ რეჟიმშია, მათ შორის იუსტიციის მინისტრთანაც

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვანო ზარდიაშვილი იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის მიერ, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მისამართით, დღეს გამოთქმულ შენიშვნებს სრულად იზიარებს.
საუბარია პრეზიდენტის მიერ გასული წლის 26 დეკემბერს გამოცემულ ბრძანებაზე, რომლის თანახმადაც მოქალაქეობის საკითხთა კომისია, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადადის.
დეპუტატი აცხადებს, რომ პრეზიდენტის მიერ ბრძანებულებაში შეტანილი ცვლილებები პრეზიდენტის იმავე ბრძანებულების სხვა ნორმებს მართლაც ეწინააღმდეგება და შეუსაბამოა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონთან.
რაც შეეხება თეა წულუკიანის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას, რომ 2017 წლის განმავლობაში, სერვისების განვითარების სააგენტოს დადებითი დასკვნის მიუხედავად, საქართველოს პრეზიდენტმა 565 პირს უარი უთხრა საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე, რომელთაგან 89% საქართველოს ყოფილი მოქალაქე, საქართველოში დაბადებული ან მათი ოჯახის წევრი იყო, დეპუტატი თვლის, რომ ასეთი პირებისთვის, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფო ინტერესებში შედის და ამის მნიშვნელობა კარგად უნდა იყოს გააზრებული.

ვანო ზარდიაშვილი ფიქრობს, რომ პრეზიდენტი არა სახელმწიფო, არამედ პირადი ინტერესებიდან ამოდის და ვერც საკანონმდებლო, ვერც სასამართლო და ვერც აღმასრულებელ ხელისუფლებასთან საერთო ენის გამონახვას ვერ ახერხებს.
„გიორგი მარგველაშვილმა თავის პრეზიდენტობის ვადაში ვერასდროს მოახერხა კონსტიტუციური თუ სამართლებრივი საერთო ენის გამონახვა ვერც საკანონდებლო, ვერც სასამართლო და ვერც აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ ამ პერიოდის მანძილზე პრემიერიც შეიცვალა და პარლამენტის თავმჯდომარეც. რეალურად იგი პერსონალურ პიარ–კამპანიაზეა გადასული – ცდილობს რომის პაპზე მეტად კათოლოკე გამოჩნდეს და არასდროს ამოდის სახელმწიფო ინტერესებიდან, სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი, რომელიც ხელფასს საქართველოს მოსახელობის ჯიბიდან იღებს, კოლოსალურ თანხებს ხარჯავს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენახვაში, ვერასდროს ახერხებს, რომ თუნდაც იუსტიციის მინისტრთან გამონახოს საერთო ენა. მუდმივად კონფრონტაციის რეჟიმშია და მისგან არანაირი მოქმედება არ გამიკვირდება. აბსოლუტურად ვიზიარებ თეა წულუკიანის მიერ დღეს გამოთქმულ პოზიციას, ის ამ საკითხში არის აბსოლუტურად მართალი“, – განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრი პრეზიდენტის 2017 წლის 26 დეკემბრის ბრძანებულებას ეხმაურება, რომელიც „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ“ დებულებაში ცვლილებებს ითვალისწინებს.
თეა წულუკიანმა ამ საკითხზე სპეციალური ბრიფინგი გამართა და მოქალაქეობის საკითხთა კომისიის დაკომპლექტების წესში პრეზიდენტის მიერ განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა. პრეზიდენტის მიერ გასული წლის მიწურულს განხორციელებული ცვლილებების თანახმად, მოქალაქეობის საკითხთა კომისია, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საფუძველია, ოთხის ნაცვლად ექვსი წევრით დაკომპლექტდება და მას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი უხელმძღვანელებს. მოცემული ცვლილებები მიმდინარე წლის 15 იანვრიდან შედის ძალაში.
იუსტიციის მინისტრმა იქვე აღნიშნა, რომ პრეზიდენტის მიერ ბრძანებულებაში შეტანილი ცვლილებები პრეზიდენტის იმავე ბრძანებულების სხვა ნორმებს ეწინააღმდეგება და ასევე შეუსაბამო უნდა იყოს საქართველოს ორგანულ კანონთან „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“, რომლის 24-ე მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებებს „განიხილავს“ სერვისების განვითარების სააგენტო. პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ცვლილებების შედეგად, სერვისების განვითარების სააგენტო მოცემული განცხადებების განხილვას ვეღარ გააგრძელებს.

იუსტიციის მინისტრმა საზოგადოებას ასევე აცნობა, რომ 2017 წლის განმავლობაში, სერვისების განვითარების სააგენტოს დადებითი დასკვნის მიუხედავად, საქართველოს პრეზიდენტმა 565 პირს უარი უთხრა საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე. 565 პირიდან 89% საქართველოს ყოფილი მოქალაქე, საქართველოში დაბადებული ან მათი ოჯახის წევრი იყო…

მინისტრი თვლის, რომ ამგვარი პოლიტიკა, ეწინააღმდეგება კონსტიტუციის სულისკვეთებას, რომლის თანახმადაც საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიენიჭებათ მათ, ვისთან მიმართებაშიც სახელმწიფო ინტერესი არსებობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები